"მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს
"მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს

A+ A-

22:04 26/02/2021

ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.

ამის შესახებ "მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"3 თვეზე მეტია კარვებში ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს და გვაქვს 3 მოთხოვნა. ესენია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს თავიდან დაკომპლექტება. მელიას დაკავებით ხელისუფლებამ გადაკვეთა ყოველგვარი წითელი ხაზები და გაასამართლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომელმაც გააპროტესტა გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებას ვაძლევთ 2-კვირიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა საქართველოსთვის უზრუნველყოფს იმას, რომ მთელი რუსთაველის გამზირი კარვებით იყოს გადაკეტილი. 2 კვირის თავზე, თუ სამივე ეს მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ჩვენი მოძრაობა რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და პროტესტის მწვავე ფორმაზე გადავა", - განაცხადა კუპრავამ.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კარავია გაშლილი, მათ შორის პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მამის კარავიც არის.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.