"თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს"
"თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს"

A+ A-

11:45 05/03/2021

ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, ვინც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში. თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაც შედეგზე იქნება ორიენტირებული.

„ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ ყველაფერი იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. როდესაც ადამიანი ხმას აძლევს რომელიმე პარტიას, მან სახელმწიფოს ნგრევა კი არ უნდა დაიწყოს, უნდა შევიდეს პარლამენტში და იქ ილაპარაკოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. რაუნდებს მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაც შედეგზე იქნება ორიენტირებული. დიდი ხანია არ გამართულა არანაირი შეხვედრა იმიტომ, რომ შედეგს ვერ ხედავენ ვერც ფასილიტატორები და ვერც ჩვენ ვხედავთ შესაძლო შედეგს. თუ მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში.

თუ ლაპარაკია რიგგარეშე არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, ოღონდ მიზეზი უნდა გვქონდეს. გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის შესწავლის ყველანაირი ბერკეტი არსებობს. თუ ოპოზიციას ეჭვი ეპარება, ერთად ვთხოვოთ ევროკავშირს, გამოავლინოს თავისი ექსპერტები, რომლებიც დასხდებიან კომისიაში და ნახავენ, გაყალბდა თუ არა არჩევნები. თუ იტყვიან, რომ ვითარება შეცვლილია და გაყალბების კვალის დადგენა შეუძლებელია, ამასაც იტყვიან და ესეც პასუხი იქნება, თუმცა ამაზეც არ მოდის ოპოზიცია, ყველაზე კარგად მათ იციან, რომ არ გაყალბებულა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. სოზარ სუბარის აზრით, გაუგებარია, რატომ ექცევიან ოპოზიციონერები სააკაშვილის გავლენის ქვეშ.

„პლებისციტის იდეა ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ოპოზიცია რატომ არ ითხოვს და რატომ ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ, არ ვიცი. მათი მოთხოვნები მუდმივად იცვლება, თუ მართლა არის ვიღაც, ვისაც მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ არ რჩებიან ამ აზრზე ბოლომდე და რატომ ექცევიან მაინცდამაინც იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.