უახლოეს მომავალში რაიონების და ქალაქების მერებს გადააყენებენ - ივანიშვილის დაანონსებული "დიდი წმენდა" იწყება
უახლოეს მომავალში რაიონების და ქალაქების მერებს გადააყენებენ - ივანიშვილის დაანონსებული "დიდი წმენდა" იწყება

A+ A-

4017

18:33 04/11/2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი "დიდ წმენდას" იწყებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, "დიდი წმენდის" ფარგლებში თანამდებობებს დატოვებენ რიგი რაიონის მერები. მათ შორის იქნებიან გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და კიდევ რამდენიმე მერი, რომელთა შესახებაც ინფორმაციას "2020NESWS" უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

აღნიშნული მერები "2020NESWS"-თან საუბარში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, ბუნებრივია, არ ადასტურებენ.

ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა "2020NESWS"-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია მისი გადაგომის თუ გადაყენების შესახებ, არასწორია, რომ  სამუშაო რეჟიმშია და გადადგომას არ აპირებს.  

"2020NESWS"-ის ინფორმაციით, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაკითხვაზეც კი დაიბარეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ნარეკლიშვილი არ ადასტურებს და ისიც აცხადებს, რომ სამუშაო რეჟიმშია.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მედიისთვის ამ დრომდე მიუწვდომელია.

ცნობისათვის, სახელისუფლო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები თელავშიც წააგო, გორშიც და ხაშურშიც.  

როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი პირველი მოადგილე გია გულორდავა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს. სკანდალი, რომელიც არჩევნებამდე დაიწყო, პირველი ტურის შემდეგ მათი დაკავებით დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები ზუგდიდშიც დიდი სხვაობით წააგო გრიგოლ ვაშაძესთან.

საგულისხმოა, რომ სამეგრელოს მხოლოდ 2 რაიონში - ხობსა და ფოთში აჯობა  სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს, ისევე როგორც დედაქალაქის 5 რაიონში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. დიდი ალბათობით, წაგებული ქალაქების მერებს საკმაოდ რთული "გამოკითხვა" ელოდებათ წინ.

ამ დროისთვის კი, საქართველოს მასშტაბით 2 რაიონს - ზუგდიდს და ჭიათურას, მერობის მოვალეობის შემსრულებლები ჰყავს. ჭიათურის მერი - პაატა ნადირაძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2 თვის წინ გადადგა.

ამ რაიონებში შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება. თუმცა იმის ალბათობა, რომ გადამდგარი და გადაყენებული მერების რაოდენობა არჩევნების შემდეგ შთამბეჭდავად გაიზრდება, ძალიან მაღალია. შესაბამისად, შუალედური არჩევნებიც ამ გადაყენება-გადადგომის პროპორციულად ჩატარდება.