"დიდი ჩახუტების" კვირეული დაიწყო - რა უთხრეს "ოცნების" დეპუტატებმა "2020NEWS"-ს?
"დიდი ჩახუტების" კვირეული დაიწყო - რა უთხრეს "ოცნების" დეპუტატებმა "2020NEWS"-ს?

A+ A-

313

12:01 05/11/2018

საქართველოს პარლამენტის წევრების უმრავლესობა "ქართული ოცნების" სხვა სახეებთან ერთად, "ჩახუტების კვირეულს" ძირითადად, რეგიონებში გაატარებენ.

როგორ დეპუტატებმა "2020NEWS"-ს განუცხადეს, მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავიანთ სამაჟორიტარო ოლქებში ეს აქცია უკვე დაიწყეს, თუმცა, დღეიდან მათ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც შეეშველებიან ამომრჩევლების "მოფერება-ჩახუტების" პროცესში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით: "ყველა მაჟორიტარი  თავის რაიონში იმუშავებს. ორშაბათიდან ფართო მასშტაბიანი შეხვედრები იგეგმება. დღეს მე ჩემი რაიონის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი, ახალგაზრდებთან საინტერესო საუბარი მქონდა. ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება".

ირაკლი სესიაშვილმა "2020NEWS"-ს უთხრა: "ყველანი ჩვენ სამაჟორიტარო ოლქებში ვართ გადანაწილებულნი. მე ყოველ ერთ საათში მაქვს შეხვედრები. კონკრეტული სქემა ან განრიგი, არ არსებობს, მაგრამ არ მგონია, რომ ამის აუცილებლობა იყოს. ყველამ კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ნუკრი ქანთარია ძირითადად, კახეთის მოსახლეობას "მოეფერება", ხანდახან - თბილისელებსაც. "მოქმედების კონკრეტული სქემა შეიძლება არსებობს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მე არ დავსწრებივარ საორგანიზაციო საკითხებზე გამართულ შეხვედრებს. მე ძირითადად, კახეთში გავმართავ შეხვედრებს და ხანდახან ალბათ თბილისშიც", - უთხრა "2020NEWS"-ს ნუკრი ქანთარიამ.

გედევან ფოფხაძე კი იმას შეხვდება, ვისთან შეხვედრაც საჭიროდ მიაჩნია.

"პარლამენტის წევრი კი ვარ, მაგრამ ორგანიზაციულ საქმიანობაში არ ვიღებ მონაწილეობას. მე ვისთანაც მიმააჩნია საჭირო შეხვედრების გამართვა, იმას შევხვდები", - განუცხადა სააგენტოს დეპუტატმა.

"სოციალ-დემოკრატი" გია ჟორჟოლიანი: "მე ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არ ვარ, არც შტაბის წევრი ვარ და არ ვიღებ მონაწილეობას საორგანიზაციო საკითხებში. თუმცა, დავუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს ისევ და ისევ".

"2020NEWS"-თან საუბარი არ ისურვა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ. "საუბარს არ ვაპირებ არაფერზე, რადგან არ მაქვს სათქმელი არაფერი, ამ თემასთან დაკავშირებით", - უთხრა კვაჭანტირაძემ სააგენტოს.

"2020NEWS"-მა უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან კომუნიკაცია ვერ მოახერხა, მათი მოუცლელობის გამო.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დაანონსებული "მოფერება-ჩახუტების" აქცია დღეს დაიწყო. არჩევნების მეორე ტურამდე "ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურის შედეგების მიხედვით მაინც გახდეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი.

არჩევნების მეორე ტურის გამართვის კონკრეტული თარიღი ჯერ ჩანიშნული არ არის.