"ჩემს საქმეს ჰქვია აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა"
"ჩემს საქმეს ჰქვია აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა"

A+ A-

16:09 07/04/2021

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ საქართველოში ჩვენების მისაცემად და იმ ადგილის საჩვენებლად ჩამოვიდა, საიდანაც ის გაიტაცეს. ის პროკურატურისგან გამოძიების არანაირ წინსვლას არ მოელის, ვინაიდან მისი განმარტებით, საქმეში საქართველოს მთავრობაა ჩარეული.

"მინდა, რომ მივცე ჩვენება როგორ გადმომიყვანეს აზერბაიჯანში, მსურს ვაჩვენო გზაც. თვითონ უნდა ჰქონოდათ სურვილი, რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი, ეს არის მათი მოვალეობა. ერთი წელი გავატარე ციხეში, მაგრამ როდესაც გამომიშვეს, მაინც არ გამომკითხეს. მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგენენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს. ხვალ მივალთ პროკურატურაში, მივცემ ჩვენებას. ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გერმანიაში გადმომიგზავნეს კითხვები და პასუხებიც გავეცი, თუმცა ეს არ იყო დაკითხვა", - განაცხადა მუხთარლიმ.

მისივე განმარტებით, მას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა მცდელობა საქართველოში ჩამოსულიყო, თუმცა ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და მიზეზად კოვიდრეგულაციები დაუსახელებს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი პოლიტიკური იყო.

"წინა ჩამოსვლის დროს ავიაკომპანიის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ვერ შემოგიშვებთო. ხუმრობა მეგონა და ვაჩვენე საბუთები, ის კი დაუკავშირდა საელჩოს და ამის შემდეგ მითხრა, რომ შემომიშვებდნენ. როდესაც სასაზღვრო პუნქტი გამოვიარე, ბოლო წუთს მითხრეს, რომ არ შეუძლიათ მიმიღონ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ სურდათ ჩემი აქ ყოფნა. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ოპოზიციის მიტინგებში მივიღებდი მონაწილეობას. არ ვიცი რას ფიქრობდნენ, მაგრამ ვიცი, რომ არასწორი ნაბიჯი იყო. ევროსასამართლოში შევიტანე სარჩელი, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩემს საქმეს ჰქვია აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა", - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

მუხთარლი წლებია, ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. მისი უფლებების უხეშად შელახვისთვის ის სტრასბურგის სასამართლოშიც ჩივის.