"ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და ყველას ამოწმებენ, სთხოვენ პირადობას, უღებენ სურათს"
"ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და ყველას ამოწმებენ, სთხოვენ პირადობას, უღებენ სურათს"

A+ A-

10:44 08/04/2021

რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მეექვსე დღეა გამკაცრებულია. სამართალდამცველებს გუმათში გზა რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.

როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლები ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე ადამიანებს აჩერებენ და ამოწმებენ.

"გადაადგილებაზე წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და ყველას, გამვლელ-გამომვლელს ამოწმებენ, ვინ სად მიდის. სთხოვენ პირადობას, უღებენ სურათს, ლამის სიებს აკეთებენ. ზოგადად ხალხს არ უშვებენ, ძალიან შეზღუდულია. თუ იციან სახეზე ვიღაცები, რომ ჩვენს პროტესტზე ნამდვილად არ მოდის და დარწმუნებულები არიან ამაში, შეიძლება ასეთი ადამიანები გამოატარონ, დანარჩენებს არ უშვებენ. მართლა აბსურდამდე დავიდა, ისეთ რაღაცებს აკეთებენ. სანამ ნამახვანჰესი არ აშენდება, მანამდე ხომ არ იქნება ასე? არ ვიცი რას ფიქრობენ. გამოუშვეს მერაბ ლომინაძე, რომელიც არც ადრესატია, არც მხარეა, მას რა უნდა ველაპარაკოთ? ასე არაადეკვატური ნაბიჯებით რატომ ფიქრობენ, რომ გადაწყდება ეს პროცესები არ ვიცი. ფაქტია, რომ რეპრესიული გზებით მიდიან: სოციალურ ქსელში გააქტიურებულები ჰყავთ ბოტები, ტროლები, რომლებიც აზრის დაყოფას ცდილობენ სხვადასხვა გზებით. აქეთ, ფიზიკური ძალადობრივი ამბებით აშინებენ ხალხს. ეს არის მათი კრიზისმენეჯმენტი, ეს გამოსავალი აქვთ ნაპოვნი. ჩვენ ძალადობრივად ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას არ ვუშვებთ, ეს არ მიგვაჩნია სწორად. გამოსავალი ისევ საზოგადოების გაერთიანებაშია. ვგეგმავთ, რომ აქცია ჩავატაროთ თბილისში, თუმცა როდის, ზუსტად ჯერ არ ვიცი"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე სამართალდამცველებთან ერთად ნამახვანში ჩავიდა. მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, დაიგეგმა აქციაც. იმ მიზნით, რომ აქციას ჰესის მოწინააღმდეგეები არ შეერთებოდნენ, პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ამიტომ, რიონის ხეობაში ახლა პროტესტის ორი კერაა: გუმათსა და ნამახვანში.

ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი უკვე 166-ე დღეა, გრძელდება.