საქართველოს შავი 7 ნოემბერი - 2007 წლის ნოემბრის მოვლენების ქრონოლოგია
საქართველოს შავი 7 ნოემბერი - 2007 წლის ნოემბრის მოვლენების  ქრონოლოგია

A+ A-

85

14:50 07/11/2018

2007 წლის  3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო-საპროტესტო აქცია 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დასრულდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ღამენათევი მომიტინგეები გამთენიაზე დარბია. სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა აქცია ჯერ რუსთაველზე, მოგივანებით კი რიყეზე.

საკუთარ მოქალაქეებზე გამარჯვებულმა ხელისუფლებამ მოგვიანებით ტელეკომპანია "იმედიც" დალაშქრა და დაარბია. "იმედმა" მაუწყებლობა შეწყვიტა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და "ვარდების რევოლუციით" მოსული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 

სააკაშვილის "მეორედ მოსვლა" 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ლევან გაჩეჩილაძეს უთანასწორო და უსამართლო საპრეზიდენტო არჩევნებში აჯობა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.

როგორი იყო და რა გარემოებები უსწრებდა წინ 7 ნოემბერს? - თავისუფალი ენციკლობედია ვიკიპედია 2007 წლის შვიდი ნოემბრის მოვლენებზე წერს:

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

მოვლენების ქრონოლოგია

ძირითადი მოვლენები,  რომლებმაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია:

12 სექტემბერი: შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი: ორმა დეპუტატმა, თეო ტლაშაძემ და ქეთევან მახარაშვილმა, რომლებიც ასევე ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირები არიან, მმართველი პარტია დატოვეს.

25 სექტემბერი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის ქიბარ ხალვაშის ბიზნეს საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

იმავე დღეს, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”. მან პრეზიდენტი სააკაშვილი ”ანტი-სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში” და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში დაადანაშაულა.

27 სექტემბერი: ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს.

28 სექტემბერი: პარლამენტის წინ ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნების და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

29 სექტემბერი: პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელის ბრალდებები მის მიმართ ყალბია.

8 ოქტომბერი: ოქრუაშვილმა უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”პოლიტიკური დივიდენდების მიღებას” ისახავდა მიზნად მისთვის და ბადრი პატარკაციშვილისთვის. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა ასევე აღიარა დანაშაული ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში. მოგვიანებით, 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ, ის გაათავისუფლეს. თუმცა, გაურკვეველია, ვინ გადაიხადა გირაო.

10 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა უარყო თავისი განცხადებები, განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.

11 ოქტომბერი: ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკიდან მიდის.

17 ოქტომბერი: ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, თავისი პრიორიტეტები გაახმოვანეს 12-პუნქტიან მანიფესტში. იმავე დღეს კოალიციამ ოთხი მთავარი მოთხოვნა გაახმოვანა.

19 ოქტომბერი: ქუთაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქცია ოპოზიციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციას წინ უძღვის.

22 ოქტომბერი: ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტული აქციების შესახებ განცხადებას აკეთებს.

23 ოქტომბერი: რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში.

25 ოქტომბერი: პარტია საქართველოს გზის, თავისუფლების და რესპუბლიკელების ლიდერები სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ჰავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ათი პარტიისგან შექმნილი ოპოზიციური კოალიციის საერთაშორისო მცდელობების ნაწილი იყო, რათა წარმოეჩინათ თავიანთი ზომიერი, ნაკლებად რადიკალური, პოზიცია.

28 ოქტომბერი: ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპოზიციას დააფინანსებს, რათა მათ ”ცივილიზებული გზით” გამართონ აქციები.

ზუგდიდში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ,  მმართველი პარტიის მხარდამჭერები თავს დაესხნენ და სცემეს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი და რამდენიმე აქტივისტი.

30 ოქტომბერი: დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

1 ნოემბერი: რეგიონებიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

2 ნოემბერი: ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მოგვიანებით, იმავე დღეს,  ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღესთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

3 ნოემბერი: ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია განაახლა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მათი მთავარი მოთხოვნა იყო.

7 ნოემბერი: პოლიციამ აქციის დასაშლელად პარლამენტის წინ ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანიია „იმედის“ სტუდიები დაარბიეს, რის გამოც, ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობა გამოირთო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

8 ნოემბერი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

დილით, 11 საათისთვის, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმმა სტუდენტური აქცია დაშალა.

საქართველოს მიერ სამი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთმა ასევე სამი ქართველი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი დანიშნა.

16 ნოემბერი: გაუქმდა საქართველოს მასშტაბით 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა.

საქართველოს "შავი ნოემბრიდან" 11 წელი გავიდა და დღესაც, ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების გადარჩენისა და სწორი პოლიტიკური განვითარებისთვის იბრძვის. 


2007 წლის 7 ნოემბრის ფოტოები