ასეთი შეცდომა არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია - ნიკა გვარამია 7 ნოემბერზე
ასეთი შეცდომა არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია - ნიკა გვარამია 7 ნოემბერზე

A+ A-

256

15:05 07/11/2018

,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 7 ნოემბრის მოვლენებს მის მთავარ ცხოვრებისეულ შეცდომად აღიარებს. იგი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშილის ინტერესებში შედიოდა, რადგან მილიარდელმა პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიშორა როგორც მიხეილ სააკაშვილი ისე ბადრი პატარკაციშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუს ავრცელებს.

,,მიუხედავად იმისა, რომ არა თუ მწამს, ფაქტებით ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაინც ვიტყვი, ოღონდ არც მთავრობის, არც რომელიმე უწყების, არც რომელიმე ხელმძღვანელის ნაცვლად ლაპარაკს არ ვაპირებ.

7 ნოემბერი (მოვლენები და არა დარბევა, ცხადია. ეს გადაწყვეტილება პროკურატურაში არ მიიღებოდა) ჩემი ძალიან დიდი შეცდომების შედეგიცაა. დროა ვთქვა ჩემი და არა კოლექტიური სახელით - ასეთი შეცდომა (მთელი წყება) არც მანამდე და არც მერე არ დამიშვია. ანთებული ვიყავი, დარწმუნებული, რომ კვლავ ქვეყნის არჩეულ ხელისუფლებას ამხობდნენ ჩემ თვალწინ და რაც ყმაწყვილობის ასაკში ვერ ვქენი (გამსახურდიას დამხობისას), ახლა უნდა მექნა. ანთებული მდგომარეობა, კიდევ, არ არის კარგი სახელმწიფო მოხელისთვის, მით უფორ სამართალდამცავისა და ძალოვანისთვის, ვინც სულ ცივსისხლიანი უნდა იყოს. ახლა ვიცი, მაშინ არ ვიცოდი.

ოღოდ არა იმედის ნაწილში, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა. ლამის ხარაკირი გავიკეთე თავის დროზე ამის ნიადაგზე. რაც ჩემია - ჩემია. იმედის დარბევაზე პასუხისმგებლობა ამ რიგს არ განეკუთვნება.

ოღონდ ესეც უნდა ვთქვა: 7 ნოემბრის ფაქტის მერე, ნაცემივით იყო ყველა, ვისაც ვიცნობდი - გინდ ხელისუფლებიდან, გინდ ჩვენი ამომრჩევლიდან. ერთადერთი ადამიანი მეგულება ყველაფრით ბედნიერი მაშინდელ საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი. მაშინ მეგონა, რომ ბადრი რომ მოიშორა, მისი მთავარი მტერი, იმიტომ. ახლა ვიცი, ჩათვალა ორივე მოიშორა - მიშაც და ბადრიც, იმიტომ ხარობდა. მაშინ უკვე იცოდა, რას იზამდა 2011 წელს”, - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბერს მმართველმა ძალამ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე და მოგვიანებით რიყის ტერიტორიაზე მომიტინგეები სასტიკად დაარბია. ამ პერიოდში ნიკა გვარამია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

7 ნოემბერს სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი,  ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამავე დღეს შეიჭრნენ ტელეკომპანია ,,იმედში“ და დაარბიეს, რომლის შემდგომაც არხმა გარკვეული პერიოდით შეწყვიტა მაუწყებლობა. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.