ბუნებრივი აირის საფასური 5 თეთრით ძვირდება
ბუნებრივი აირის საფასური 5 თეთრით ძვირდება

A+ A-

486

18:52 07/11/2018

ბუნებრივი აირის საფასური შესაძლოა,  1 კბ/მ 50 თეთრი გახდეს. ახალი ფასი მოქმედ ტარიფზე 5 თეთრით მეტი იქნება.

ინფორმაციას, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, ენერგეტიკის ექსპერტები გარდაუვალ მოვლენად აფასებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ახალ ტარიფთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ სემეკი კომპანიების განაცხადს განიხილავენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკი განიხილავს კომპანიების განაცხადს ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსულია წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად, სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს, თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან”, - აცხადებს ნარმანია.

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ლარის კურსი 2,80-იან ნიშნულს უახლოვდება, რაც გადასახადის შენარჩუნების შანსს არ ტოვებს.

„ჩემი აზრით, ჩადებული ინვესტიციების ამოღების საკითხი არ იქნება, რომ ტარიფი ამ მხრივ დაიტვირთოს, ახლა ეს საკითხი არ დადგება. ცვლილება ზრდისკენ იქნება მიმართული, მაგრამ 1 კბ/მ-ის ფასი 50 თეთრს არ უნდა გასცდეს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი სავალუტო კრიზისია, რის გავლენასაც გაზის ტარიფი ვერ გაექცევა”, – ამბობს  არაბიძე.

გია არაბიძე ვერც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გაზის ტარიფის გაძვირება სოციალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს, რასაც მოსახლეობა ზამთარში რთულად გადაიტანს.

“საქართველოს მოსახლეობისთვის გადასახადის ზრდა მსუბუქი ტვირთი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესს სოციალური უკმაყოფილება მოჰყვება, თუმცა სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდება და ამას ყველა იგრძნობს”, – აღნიშნა  არაბიძემ სააგენტოსთან საუბრისას.