გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მომავალში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირებას არ გამორიცხავს - გიგა ბოკერია
გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მომავალში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირებას არ გამორიცხავს - გიგა ბოკერია

A+ A-

80

17:42 08/11/2018

"ევროპული საქართველოს" მიერ გრიგოლ ვაშაძისადმი დაფიქსირებული მხარდაჭერა მომავალში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.  

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ შეეცდება თუ არა "ევროპული საქართველო" ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ ეს პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთისგან განსხვავდებიან -  ამ შეკითხვით მიმართა  გადაცემის წამყვანმა გიგა ბოკერიას, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხს ამ ჭრილში არ უყურებს.
"არა, მე ასე არ ვსვამ საკითხს. ამომრჩევლისთვის იმის დემონსტრირება, თუ ვისგან განსხვავდები, საჭირო არ არის. საზოგადოებას სჭირდება ის, თუ როგორ წავიყვანთ ქვეყანას წინ. ვიდრე ამ კონკურენციის გაგრძელებამდე მივალთ,  შეიძლება იყოს მწვავე ოპონირება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ახლა ეს ეროვნული ამოცანა გვაერთიანებს, რომელიც უფრო ფართო კონსესუსის საგანია, ვიდრე ორი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიგები.

თუ ეროვნულ ამოცანებზეა საუბარი და მარტო სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არ არის ეს, ამას უნდა მოჰყვეს საარჩევნო რეფორმა, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას" ვარდების რევოლუციის შემდეგ და როგორიც ივანიშვილს აქვს დღეს. ამის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებია და მშვიდობიანად, აბსოლუტურად წესიერად, კონსტიტუციის ფარგლებში, ყოველგვარი ბრაზის და გულზე მჯიღის ცემის გარეშე უნდა მოხდეს  ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.