გაყრილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დაქორწინდნენ და ერთი ოჯახი შექმნეს
გაყრილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დაქორწინდნენ და ერთი ოჯახი შექმნეს

A+ A-

52

17:49 08/11/2018

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე,  „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ერთი ოჯახია.

„ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ერთი ოჯახის“ შექმნის პარალელულად, თბილისში  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ოჯახი“ კვლავ დაინგრევა.

"ჩვენ დიდი პრობლემები გვქონდა და გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", პოლიტიკურ შეხედულებებში. იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ სხვა საკითხები. მათ შორის გრიგოლ ვაშაძესთან, მაგრამ წინასწარ გარკვევით ვთქვით, რომ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ვიქნებით ერთიანები მეორე ტურში. ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ მეორე ტურში იყოს გრიგოლ ვაშაძე და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მეორე ტურში ისე, როგორც ვმუშაობდით ჩვენ კანდიდატზე პირველ ტურში, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ", - აღნიშნა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი თანაგუნდელების - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანებას არა მხოლოდ ელოდა, არამედ, ზუსტად იცოდა, რომ გაერთიანდებოდნენ.

"ველოდი კი არა, ზუსტად ვიცოდი, რადგან ეს კანონზომიერია - მათ ბევრი ისეთი სპეციფიური რამ გაიარეს ერთად, რაც მათ ადუღაბებთ", - განუცხადა "2020NEWS"-ს გია ხუხაშვილმა.

„ნაც მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას თბილისში მართველი პარტიის  წევრები გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ მათ არც აქამდე სჯეროდათ „ნაცებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაყოფის.

„ბევრჯერ ითქვა, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა და სხვათა შორის, ბატონმა ივანე მერაბიშვილმაც თავის ბოლო ინტერვიუში დაადასტურა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, სინამდვილეში, ერთი პოლიტიკური ძალაა, ამიტომ ამ შეხვედრიდან მე ვერაფერს ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით,  ეს არის ერთი ძალა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ არეულობას, დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს ჰპირდება ქვეყანას.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება თავიდანვე იგეგმებოდა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩინდა, როგორც ერთი ბნელი მოძრაობა ორი სახით. ერთი ბაქრაძე, რომელიც სირბილით და ვითომ კონსტრუქციულობით გამოირჩევა და მეორე ვაშაძე, რომელიც ბობოქარია და უზრდელობითა და აგრესიული ლაპარაკით გამოირჩევა. ეს ორი ძალა იყო საზოგადოებისათვის იმის დემონსტრირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნა იმ წარსულს, რომელიც დაკავშირებულია ცოცხთან და უამრავ გაუბედურებულ ოჯახთან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამან შეცდომაშიც შეიყვანა და საკმაოდ დიდია საზოგადოებაში გაწბილება. ეს გადაწყვეტილება მათთვის შეიძლება სწორია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ერთი ძალა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ არეულობას, დაპირისპირებას და დიდ პრობლემებს ჰპირდება ქვეყანას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით კი,  „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რევანშისტურ ძალას წარმოადგენენ.

„ნაციონალურ მოძრაობასა“  და ევროპულ საქართველოს“ შორის, რეალურად გაყოფა არც ყოფილა. ისინი ყოველთვის  დესტრუქციული და რევანშისტული ძალის წარმომადგენლები იყვნენ და მათი სურვილია, რომ  ქვეყანაში ძალადობა დაბრუნდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოკერია-ბაქრაძის ხელმძღვანელობით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი გამოეყო. მათ ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს. "ევროპულ საქართველოს" პარლამენტში 21-კაციანი წარმომადგენლობა ჰყავს.