განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა განვითარების ცენტრი შენობის გარეშე დარჩა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა განვითარების ცენტრი  შენობის გარეშე დარჩა

A+ A-

47

17:50 08/11/2018

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქობულეთის ბავშვთა განვითარების ცენტრი შენობის გარეშე დარჩა.

როგორც ცენტრის დამფუძნებელ ორგანიზაციაში - "მხარდაჭერა განსაკუთრებული საჭიროებებისათვის" აცხადებენ, წლების მანძილზე ცენტრი ქობულეთში, ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებდა, საიდანაც სეზონურად გამოსახლება უწევდათ. ამ ეტაპზე კი, საბოლოოდ უწევთ შენობის დატოვება.

ცენტრს, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 47 ბენეფიციარი ბავშვი ჰყავს, არ გააჩნია მუდმივ მფლობელობაში ფართი. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქობულეთში ყოფილი არქივის შენობის უზურფრუქტით გადმოცემის თაობაზე, თუმცა კანონმდებლობიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"მივმართავთ ყველას - საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობას. გამოგვიყონ ფართი, რომ ამ ბავშვების მოვლა შევძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, საპროტესტო აქციები გავმართოთ, რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს", - აცხადებენ ორგანიზაციის წევრები "2020NEWS"-თან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი ემსახურება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას უწევს და ხელს უწყობს ბენეფიციარების ადაპტაციის პროცესს. ჩართულია უამრავ საერთაშორისო პროცესში, რაც ინკლუზიურ განათლებას ეხება. ცენტრში მიმართვიანობა და ბენეფიციართა რაოდენობა დღითიდღე უფრო იზრდება.