ბადრი ბიწაძე სასამართლოში დაიბარეს
ბადრი ბიწაძე სასამართლოში დაიბარეს

A+ A-

95

18:34 08/11/2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხა.

საქმე ეხება რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისადმი საჯაროთ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელშიც მან ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დამრბევთა შორის მოიხსენია. ეკა გიგაური რეჟისორს ცილისწამების გამო უჩივის.

ბადრი ბიწაძის თქმით, ხაინდრავას განცხადება, რომ ეკა გიგაურის ხელმოწერით, 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„2007 წლის 7 ნოემბერს არც ერთი მესაზღვრე არ ყოფილა, სადაც დარბევის ადგილი იყო. პრემია აიღეს, ეს პრემია არამარტო 2007 წელს, არამედ ყოველ წელს გაიცემოდა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დასაცავი ადგილები, 2500-3000 მეტრზე, ამისთვის ვამზადებთ ჩვენ სპეციალური დანიშნულების რაზმს, ეს იწყება გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში, მთავრდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში. ყველა სამმართველოდან ვანაწილებთ ჩვენ ხალხს პერიოდულად, და შემდგომში თუ ბიუჯეტი მოგვცემდა საშუალებას, ამ ხალხს ჩვენ ვაძლევდით პრემიას", - განაცხადა ბიწაძემ.

ბადრი ბიწაძემ  ასევე ისაუბრა ხაინდრავას ბრალდებაზე, რომ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭეს.

„ქალბატონი გიგაური იყო ლეიტენანტი და მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებულად მუშაობდა აშშ-ის სასაზღვრო პროგრამასთან და აქედან გამომდინარე, წავახალისეთ და ჩემი წარდგინებით მივმართე მინისტრს, რომ ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება,“ - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.