ირაკლი ოქრუაშვილი - ვაშაძე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მართულია და სხვის დაკრულზე ივლის
ირაკლი ოქრუაშვილი - ვაშაძე  არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მართულია და სხვის დაკრულზე ივლის

A+ A-

850

21:05 08/11/2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პასუხს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გადაცემა "რეაქციიდან" იგებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში გაიმართა. მაშინ ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩიხშია და ის მზადაა წყენა დაივიწყოს, როცა "საქმე ქვეყანას ეხება".

ოქრუაშვილმა რამდენიმე დღე იფიქრა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე,  გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე   ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„გრიგოლ ვაშაძემ დამირეკა და მითხრა, ცოტა ხანში შენთან ვიქნები და მოდი შევიკრიბოთ. ამას წინ უძღოდა საკმაოდ რთული ურთიერთობები და კომუნიკაცია, რომელშიც ჩართული იყო პაატა დავითაია. სწორედ მან დამარწმუნა ამ შეხვედრის აუცილებლობაში. მერე წამოვიდა ტალახის ნიაღვარი. ვაშაძეს ლანძღავდნენ, როგორ გაბედა და სახლში როგორ მივიდაო. მე მლანძღავდნენ, როგორ შეხვდაო. კითხვა გამიჩნდა, ამ ხალხს ვაჟა ფშაველა არ აქვთ წაკითხული?! სტუმარ მასპინძელი არ გაუგიათ, ან ზვიადაურის სტუმრობაზე არ სმენიათ რამე, სადაც ის ამბობს, დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო, ეს ფრაზა მაინც არ გაუგიათ? - გრიგოლ ვაშაძის მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო ჩემთან სტუმრობა. ადვილი არ არის მიხვიდე ადამიანთან, რომელიც დანასისხლად არის გადაკიდებული იმ პოლიტიკურ გუნდთან, რომელსაც შენ წარმოადგენ. არც ჩემთვის არ იყო ადვილი. წინა დღეს დავუძახე 30-მდე მეგობარს და ვუთხარი, ხვალ ჩემთან მოდის ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით გახდება საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ბერკეტები ამ ქვეყნის რაღაც დოზით შეცვლით და მე მინდა, მას შევხვდე და მოვუსმინო. მერე მე რომ გადაწყვეტილებას მივიღებ და თქვენ რომ ნაწყენები არ დამრჩეთ, თქვენც მიიღეთ ამაში მონაწილეობა-მეთქი. უკლებლივ ყველა, თავის დროზე ან დაჭერილი იყო, ან გაგდებული იყო ქვეყნიდან, ან აქ დარჩენილი, რომელსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს. ოთხი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. ბოლო დასკვნა ყველა ჩემი მეგობრის ის იყო, რომ ეს არის ჯანსაღი აზროვნების ჭკვიანი ადამიანი, რომელიც არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მართულია და სხვის დაკრულზე ივლის. ეს არის ადამიანი, რომელსაც მშვენივრად ესმის, რა ტიპის შეცდომები იყო დაშვებული წარსულში და მისი მხრიდან ის ნაბიჯი, რომ მე მესტუმრა, ერთ რამეზე მიუთითებდა, ის არ აპირებს, ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობას“.

ირაკლი ოქრუაშვილმა ასევე დასძინა, რომ დარწმუნებულია, გრიგოლ ვაშაძე   სააკაშვილისგან დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება.  

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს სტუმრობდა. მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერა სთხოვა.