თბილისს წელსაც იტალიური კომპანია გაანათებს? - კალაძე საახალწლო განათებებში 2 მილიონის დახარჯვას გეგმავს
თბილისს წელსაც იტალიური კომპანია გაანათებს? - კალაძე საახალწლო განათებებში 2 მილიონის დახარჯვას გეგმავს

A+ A-

51

12:24 09/11/2018

თბილისი ახალ 2019 წელს, საახალწლო ილუმინაციებით უხვად განათებული შეხვდება.

როგორც "2020NEWS"-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გასულ წელს იტალიიდან ჩამოტანილი საახალწლო ილუმინატორებს, წელს ახალი განათებები შეემატება. დედაქალაქის მერია საახალწლო განწყობის შესაქმნელად 2 მილიონ ლარს დახარჯავს.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში ის იტალიური კომპანიაც მონაწილეობს, რომელთანაც კონტრაქტი გასულ წელს გაფორმდა. ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მერია წელსაც ხელშეკრულებას კვლავ ამ კომპანიასთან გააფორმებს.

თუმცა, შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა „2020NEWS“-თან ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ჯღარკავამ განაცხადა, ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ, უცნობია ვინ გაანათებს დედაქალაქს.

„ტენდერი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ იქნება თუ არა ის იტალიური კომპანია, რომელმაც გასულ წელს გაიმარჯვა, ვერ გეტყვით. თუმცა, გიდასტურებთ, რომ ეს კომპანია ტენდერში მონაწილეობას იღებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, რომელიც კომპანიამ დოკუმენტების წარდგენისას უნდა დაამტკიცოს. ტენდერი სავარაუდოდ,  იქითა კვირაში დასრულდება და გამარჯვებულის ვინაობაც გვეცოდინება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

მისივე თქმით, თბილისის ყველა რაიონში დამონტაჟდება ილუმინატორები, ხოლო ძველ საახალწლო განათებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგზავნიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და ახალი ილუმინატორები არ გვაქვს, ჩვენ საახალწლო განათებების დამონტაჟება დავიწყეთ იმ რესურსით, რომელიც გაგვაჩნია. თბილისის ყველა რაიონში დამონტაჯდება ილუმინატორები, ზოგან იქნება ნაძვის ხის სახით, ზოგან ბოძების განათებებით და ა.შ. ხოლო, ძველ ილუმინატორებს, რომელსაც თბილისში არ გამოვიყენებთ, რეგიონში გადავანაწილებთ. ეს პროცესიც უკვე დავიწყეთ“, - განუცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ „2020NEWS”-ს.

ცნობისთვის, გასულ წელს, როდესაც იტალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ მილანურ კომპანიას კახა კალაძესთან კავშირი აქვს და სწორედ ამიტომ გაფორმდა მათთან ხელშეკრულება. შარშან კალაძემ ხაბეიშვილის ბრალდებას ასე უპასუხა; „იტალიური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლონდონის მთავრობამ სწორედ ამ კომპანიას ანდო 2017 წელს ქალაქის განათება“.

ცნობისთვის, ,,თბილსერვის ჯგუფმა” საახალწლო ილუმინაციების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვის მიზნით,  ტენდერი 5 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 123 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, საახალწლოდ დედაქალაქს ახალი ილუმინაციები და აქსესუარი შეემატება. 305 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ანგელოზი, 8 ცალი - 3D ფარანი; 64 ცალი - 3D ანგელოზი; 1 ცალი - 3D ფაეტონი; 3 ცალი - 3D ხე; 5 ცალი - 3D ანგელოზი; 4 ცალი - გულის ფორმის 2D ბანერი; 120 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ჩამოსაკიდებელი დეკორაცია; 30 ცალი - 2D ჩამოსაკიდებელი გული; 2 ცალი - 3D ჩრდილოეთის ირემი; 7 ცალი - 3D დასადგამი დეკორაცია; 1 ცალი - 3D ირემი.

დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.