შვილმოკლული მამები რუსთაველზე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ
შვილმოკლული მამები რუსთაველზე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ

A+ A-

76

12:51 09/11/2018

მერიის მოთხოვნას, საახალწლო სამზადისის გამო, რუსთაველზე აქცია შეეწყვიტათ, შვილმოკლული მამები არ დათანხმდნენ.

შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

მერიის მოთხოვნას  ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. არც ერთი მათგანი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.  

"2018 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიას მივმართეთ აქციების გამართვის და კარვების გაშლის ნებართვის თაობაზე 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მერიისგან მივიღე პასუხი, რომ შვიდი ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის დადგმას. მოგვიწოდეს, დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები დასჯილები იყვნენ. ამ წერილით ჩვენი ხელისუფლება, გვეუბნება, რომ  ვიღაცებს გართობაში ხელს ვუშლით. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ყველა ქართველის შვილები   არიან ჩვენი შვილები, რომლების მომავლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ - ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი არსად არ წავლენ და ბოლომდე იბრძოლებენ მათი შვილების სიმართლის დასამტკიცებლად.

"ჩვენ აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბავშვებს ხოცავს და მკვლელებს არ სჯის. სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ბავშვებს, რომ სხვა მშობლებს აღარ დაუხოცონ თავიანთი შვილები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ორ თვეზე მეტია, შვილმოკლული მამები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.