9 ამომავალი და უკვე კაშკაშა ვარსკვლავი საქართველოდან
9 ამომავალი და უკვე კაშკაშა ვარსკვლავი საქართველოდან

A+ A-

9704

13:59 09/11/2018

 რა ქმნის ქვეყნის სიმდიდრეს და უკეთეს მომავალს? - ბუნებრივი რესურსები თუ მზარდი ეკონომიკური აღმასვლა? ან იქნებ წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავის ნიჭიერებით და საქმიანობით, ქვეყნის ღირსებას და სახელს იცავენ?! -  ორივე ერთად და რა სასიამოვნოა, როდესაც პატარა ქვეყნის შვილს შეგიძლია, ამაყად და თამამად თქვა, რომ საქართველოს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, ბევრი კაშკაშა ვარსკვლავი. კიდევ უფრო საამაყოა, რომ მათ რიცხვს ახალი სახეები ძალიან ხშირად ემატებიან. რა სასიამოვნოა განცდა, როდესაც მათ შესახებ მსოფლიო საუბრობს და კიდევ უფრო სასიამოვნო, როდესაც საქართველოს ხსენებაზე, მათ სახელებს და გვარებს გეუბნებიან და გიმეორებენ.

ასეთ დროს საბოლოოდ რწმუნდები, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად შეძლებს წინ წავიდეს, ყოველდღიურად განვითარდეს და თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყანა გახდეს.

დღეს 9 ამომავალ, მაგრამ უკვე კაშკაშა ქართველ ვარსკვლავზე გიამბობთ. ბუნებრივია, ეს სასიამოვნო თხრობა მომავალშიც გაგრძელდება - ახალი ვარსკვლავების სახელებით და გვარებით!!!

1. ნიკოლოზ ბასილაშვილი - ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც მსოფლიო საჩოგბურთო სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. ბასილაშვილი საქართველოს დეივისის ნაკრების წევრი და აწ უკვე მსოფლიოს 22-ე ჩოგანია. სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ნიკოლოზს პატარაობიდანვე მამამ გაუღვივა. მან კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 2 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. ქართველ ჩოგბურთელს სამჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. ბასილაშვილი შეხვდა ისეთ მსოფლიო ჩოგნებს, როგორებიცაა როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი პარიზის "მასტერში“ ასპარეზობდა. თუმცა მეორე წრეში წაგების შემდგომ, ტურნირს გამოეთიშა.  2019 წელს ბასილაშვილი კვლავ განაახლებს ასპარეზობას და მორიგი წარმატებებით ქართველ გულშემატკივარს კვლავ გაახარებს.

2.ნათია თოდუა - ქართველი გოგონა, რომელიც გახდა მუსიკალურ პროექტ ,,გერმანიის ხმის“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული. თოდუამ ფართო მუსიკალურ ასპარეზზე გაიტანა არა მარტო საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები, არამედ ევროპის გულს გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მომღერალი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, იგი პროექტში მონაწილეობისას სატელევიზიო ინტერვიუებში საუბრობდა, რომ მის სამშობლოში ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. თოდუა ღია მესიჯებს უგზავნიდა გერმანიას, რათა ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდათ. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუკი ახალგაზრდა მომღერლის წარმატებულ კარიერულ საწყისს გავითვალისწინებთ, დიდი შანსია, ნათია თოდუა საქართველოს ბრწყინვალე სახედ და ბრენდად იქცეს.

3. ლაშა ტალახაძე - ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ძალოსანი, რომელიც ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. 2017 წლის დეკემბერში, აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით, მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ საკუთარი სპორტული შედეგის გაუმჯობესებით, მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა. ძალოსანის მხრიდან ამ სპორტის სახეობის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშობაში გაჩნდა და სწორედ სპორტსმენის დაუღალავი შრომით, მონდომებით დღეს იგი მსოფლიოში უძლიერესი მამაკაცის ტიტულს ატარებს.

4. თაკო ნაცვლიშვილი - მსოფლიო მოდის ინსდუტრიაში ქართველებს ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენლები გვყავს, კონკრეტულად კი სამოდელო სფეროში. თაკო ნაცვლიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ტოპ-მოდელი, რომელმაც მაღალი მოდის ინდუსტრია დაამშვენა. 2015 წელს თაკო გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი მოდელი, რომელმაც ზედიზედ რამდენიმე ტოპ ჩვენებაზე გაიარა, მათ შორის: დიორი, ელიე სააბი, დოლჩე&გაბანა, არმანი, ვერსაჩე და სხვა. თაკო არის ცნობილი საერთაშორისო და ყველაზე პრესტიჟული სააგენტო ,,Next Model”-ის მოდელი. იგი გახდა ექსკლუზიური სახე, რამდენიმე ცნობილი ბრენდისა. მაგალითად, "Armani Collesione”. რამდენიმე წელია მოდელი უმსხვილეს ქალის თეთრეულის ბრენდ ,,Victoria Secret”-ის შესარჩევ ქასტინგებში იღებს მონაწილეობას, თუმცა ფინალურ შოუზე მისი დამტკიცება დღემდე ვერ მოხდა. მიუხედავად ამისა, ქასთინგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია თაკოს მიმართ სხვა სააგენტობიდან და მოდის სახლებიდან.

5. თათია ახალაია - წარმატებული კარიერის სტარტი საქართველოში ,,Elite Model Look Georgia 2015” გარჯვებით დაიწყო. მას მოჰყვა შემდგომ საერთაშორისო მოდის სახლებიდან და სააგენტობიდან კონტრაქტები, მიწვევები. ახალაია გამოდიოდა ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა: ჰერმესი, რობერტო კავალი, ნარცისო როდრიგესი, ზუჰაირ მურადი, მიუ-მიუ, ჯონათან სანდერსი, ლაურა ბიაჯოტი, ემილიო პუჩი და სხვა მრავალი. მაღალი მოდის ქართველი ახალგაზრდა მშვენება გახდა Dolce&Gabbana- ს ექსკლუზიური სახე, მონაწილეობა იტალიური ბრენდის ოტ-კუტიურის ჩვენებაში მიიღო. დღეს იგი არის ახალგაზრდა დამწყები მოდელი, რომელსაც წინ დიდი კარიერული აღმასვლა ელის.

6. ირაკლი კვირიკაძე - ახალგაზრდა დამწყები მსახიობი, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე "საუკეთესო ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ტიტული მიიღო, ფილმისთვის ,,მძევლები“. ქართულმა საზოგადოებამ ახალგაზრდა სწორედ ამ ფილმით გაიცნო. დღეს ირაკლი კვირიკაძის წარმატება ჰოლივუდს დაუკავშირდა. მან რამდენიმე თვის წინ შეთავაზება მიიღო ჰოლივუდიდან, რომლის მიხედვითაც, იღებენ მხატვრულ ფილმს, სადაც ირაკლი ლეგენდარულ ოსკაროსან მსახიობს - ენტონი ჰოპკინს პარტნიორობას გაუწევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. როგორც თავად აღნიშნავს, მას აქვს უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა პროექტებიდან.

7. გიორგი მჭედლიშვილი - ქართველი ახალგაზრდა დამწყები მეცნიერია, რომელიც NASA-მ აღიარა. კოლუმბიის საინჟინრო სკოლის სტუდენტმა, 12-კაციან გუნდთან ერთად, სრულიად ახალი, მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა და NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა. მათ მიერ შემუშავებული კომერციული თვითმფრინავის ახალი მოდელი მოიხმარს ნაკლებ საწვავს, იწვევს ნაკლებ ხმაურს და რაც მთავარია, 80%-ზე მეტით ამცირებს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის სახით გამოყოფას. ეს უკანასკნელი კი უშუალოდ, ქართველი სტუდენტის დამსახურებაა. მჭედლიშვილის გამოგონებას მეცნიერთა წრეებში სრული აღტაცება მოჰყვა , ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახალგაზრდას მთელი წარმატება წინ აქვს და ახალი გამოგონებებით მეცნიერებაში ახალ სიტყვას იტყვის.

8. სანდრო გეგეჭკორი - 18 წლის წარმატებული პიანიასტი, რომელიც არაერთი კონკურსის, კონცერტისა და ფესტივალის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელია. პიანისტს ამ მიმართულებით ინტერესი ბავშვობაში, დაახლოებით 10-11 წლიდან გაუჩნდა და დაუღალავი შრომითა და მონდომებით დღეს ის წარმატებული პიანისტია. ასაკის მიუხედავად, მას ასევე ჰქონდა არაერთი სოლო კონცერტი, მათ შორის ვენაში, მოცარტის სახლ-მუზეუმში; ტამბოვში, სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმში ორჯერ; ვენაში, კაიზერის დარბაზში და ბოლოს სტეინვეის გალერეაში.პიანისტი 2017 წელს, ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა, სადაც გრან-პრი და ორი სპეციალური ჯილდო მიიღო. 25 ოქტომბერს ამერიკაში სორელის პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე, ფინალურ ტურზე დაამტკიცეს, სადაც 12 ფინალისტიდან 4 კონკურსანტში  მოხვდა და კონკურსისი ოფიციალურად ლაურეატი და ფინალისტი გახდა. უკვე ცნობილია, რომ სანდრო 2019 წლის 14 სექტემბერს ამსტერდამის სინფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს, სადაც შეასრულებს სერგეი რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტს. სანდრო გეგჭკორის წარმატებულ მომავალზე აქტიურად საუბრობენ მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლები და ექსპერტები.

9. გიორგი ქებურია - დამწყები ახალგაზრდა დიზაინერი ,რომელმაც უკვე დაიპყრო მსოფლიო მოდის ჟურნალის ,,vogue”-ს ყდა. გავლენიანი გამოცემები აქტიურად აშუქებენ დიზაინერის მიერ შექმნილ სამოსს. აღსანიშნავია ,რომ მის მიერ შექმნილი მზის სათვალეები ე.წ. ,,ლისიჩკები“ ტრენდულ აქსესუარად იქცა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ჰოლივუდში და მოდის ინდუსტრიაში. ამ უკანასკნელმა განსაკუთრებით გააორმაგა ინტერესი დიზაინერის მიმართ. ქებურიას წარმატება ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო როდესაც "თბილისის მოდის კვირეულზე" იგი "საუკეთესო დამწყებ დიზაინერად" დასახელდა. მოდის კრიტიკოსები თამამად აღიარებენ, რომ ქართველ დიზაინერს  აქვს სერიოზული შანსი მოდის ინდუსტრიაში თავისი სიტყვა თქვას.