არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია - პროკურორი
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია - პროკურორი

A+ A-

47

14:29 09/11/2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პროკურორის თქმით, მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

მანვე განმარტა, მერაბ მორჩაძეს სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაზე.

„დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სისხლის სამართლის საქმეზე. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი.

კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ – ის 372 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.