თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული აცხადებს, რომ მან აღიარებითი ჩვენება პოლიციელთა ზეწოლის შედეგად მისცა
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის შეყვარებული აცხადებს, რომ მან აღიარებითი ჩვენება პოლიციელთა ზეწოლის შედეგად მისცა

A+ A-

36

15:23 09/11/2018

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ შეყვარებული მას არ მოუკლავს და აღიარებითი ჩვენება პოლიციელთა ზეწოლის შედეგად მისცა. რაც შეეხება 22 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, გრიგალაშვილი ამბობს, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ანა ნაცვლიშვილმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„6 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მას პირველივე ზარზე არ ეპასუხა. არც მესიჯზე მიპასუხა და არც ზარზე. მამაჩემის მანქანით ავედი ანას სახლთან. მე-5 სართულზე ავედი, კარი ოდნავ ღია დამხვდა. დილის 6 საათზე კარი ღია რომ იყო, დამაეჭვა. ელენე ნაცვლიშვილმა გამიღო კარი. ანა აბაზანაშია ალბათო, მითხრა. ორ წამში გამოტრიალდა, არ არისო მითხრა. ვთხოვე სახლში მოეძებნა. ამასობაში დედას გაეღვიძა, ვუთხარი, რომ ანას ვურეკავდი, ვწერდი და არ მპასუხობდა. მათაც დაიწყეს რეკვა", - აცხადებს გრიგალაშვილი.

ბრალდებული ამბობს, რომ ის მეხუთე სავადმყოფოდან პოლიციაში გადაიყვანეს.

„განყოფილებაში გადამიყვანეს და მოვყევი ის, რაც თქვენს წინაშე მოვყევი. საათნახევარში მოვიდა პირი,
რომელმაც ყველაფერი შემიმოწმა, სავარაუდოდ, სისხლის კვალს ეძებდა. შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც 15-20 ადამიანი იყო. იქაც მოვყევი ყველაფერი, მხოლოდ ორი ადამიანი დამიტოვეს. როგორც მახსოვს, სამმართველოს უფროსი მოვიდა, სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ყველაფერი მომაყოლა, რა და როგორ იყო. ვიდეოჩანაწერები გვაქვს ამოღებული, რომელი მხრიდან გამოხვედი და შეხვედი იქ, ვიცითო. თუ კადრი გაქვთ, მაჩვენეთმეთქი და არ მაქვს უფლებაო.

15 წუთში ფურცელი შემოიტანა და წაიკითხეო. ამობეჭდილი იყო რაც ვითომ, აღიარებით ჩვენებაში ვთქვი.
დაახლოებით 10 წუთში მითხრა: შენი ძმაკაცები დაკავებულები არიან და თუ არ გინდა შენი ძმაკაცები პრესის ქვეშ მოყვნენ, რაც წერია იმას იტყვიო. პატარა ძმა გყავს და გაზრდა უნდა, მამაშენი პოლიციის თანამშრომელია, შენთვის აჯობებს ხელი მოაწერო, ამ საქმეს ვერ შეცვლი და ჯობს, მეგობრები არ გაწიროო მითხრეს. ციხეში როცა შეხვალ და იტყვი, შენი ძმაკაცების გამო არ მოაწერე ხელი, პასუხს სხვანაირად მოგთხოვენო, მითხრა.
ხელის მოწერაზე დავთანხმდი და რას წარმოვიდგენდი, რომ უდანაშაულო ადამიანი დღეს აქ, ბრალდებულის სკამზე ვიჯდებოდი.

გამომძიებელი შემხვდა, მითხრა, რომ ყველაფერი უნდა ჩაგვეწერა. შევედით ოთახში, სამი მონიტორი იყო და ერთ-ერთზე კამერა ეყენა, ჩემს თვალწინ ჩართო და მოვყევი რაც ფურცელზე ეწერა. სხვა გამომძიებელი შემოვიდა, ფურცელზე ამობეჭდილი ჩვენება შემოიტანეს და ხელი მომაწერინეს. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს, ექსპერტიზაზე უნდა გადავიტანოთო", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა, მან სასამართლოს ჩვენება დღეს მისცა, გრიგალაშვილი უკვე 9 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფება.