ქალაქში ნახონ აქციისთვის სხვა ადგილი - კალაძე შვილმოკლულ მამებს მიმართავს
ქალაქში ნახონ აქციისთვის სხვა ადგილი - კალაძე შვილმოკლულ მამებს მიმართავს

A+ A-

64

15:36 09/11/2018

თბილისის მერი კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს მოუწოდებს, აქციისთვის სხვა ადგილი ნახონ.

„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, მერიიდან გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

მერიის მოთხოვნას  ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს და აღნიშნეს, რომ  არც ერთი მათგანი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.  

შვილმოკლული მამები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას  უკვე ორ თვეზე მეტია, მართავენ.