კახა კალაძე ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს
კახა კალაძე  ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს

A+ A-

54

16:37 09/11/2018

თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას სამარცხვინოს უწოდებს.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ცდილობდნენ, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაეშალათ.

„ატოცში მომხდარს  სამარცხვინოს ვუწოდებ, სხვა ვერაფერს, რა უნდა ვუწოდო. ესეც ნათელი მაგალითია, როგორ ხდება ხელშეშლა. გავიხსენებ, როგორი იყო საარჩევნო კამპანია პირველი ტურის დროს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდებოდა ამომრჩეველს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდოდნენ. იქ იყო პირადი შეურაცხყოფა, მცდელობა, რომ შეხვედრები ჩაეშალათ.

მე ველოდები საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ალბათ ჩამალულები რომ არიან, ამოვლენ, თვალს გაუსწორებენ რეალობას და გააკეთებენ იმ განცხადებას, რასაც ელოდება ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რვა ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში  ჩავიდა, სადაც რუსი სამხედროები მავთულხლართების გასაბმელად რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.