კალაძემ შვილმოკლულ მამებს ვადა 7 დეკემბრამდე მისცა - დადგამს თუ ვერა მერია საახალწლო ნაძვის ხეს პარლამენტის წინ?!
კალაძემ შვილმოკლულ მამებს  ვადა 7 დეკემბრამდე მისცა - დადგამს თუ ვერა მერია საახალწლო ნაძვის ხეს პარლამენტის წინ?!

A+ A-

101

18:15 09/11/2018

საახალწლო სამზადისის გამო, თბილისის მერიამ შვილმოკლულ მამებს აქცის გამართვის ნება 7 დეკემბრამდე მისცეს. ამ გადაწყვეილებას  მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე არ ეთანხმებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"2018 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიას მივმართეთ აქციების გამართვის და კარვების გაშლის ნებართვის თაობაზე 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ მერიისგან მივიღე პასუხი, რომ შვიდი ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის დადგმას. მოგვიწოდეს, დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები დასჯილები იყვნენ. ამ წერილით ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ  ვიღაცებს გართობაში ხელს ვუშლით. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ყველა ქართველის შვილები  არიან ჩვენი შვილები, რომლების მომავლისთვისაც ჩვენ დღეს ვიბრძვით, თორემ ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ, იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ - ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ისინი არსად არ წავლენ და ბოლომდე იბრძოლებენ მათი შვილების სიმართლის დასამტკიცებლად.

"ჩვენ აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ბავშვებს ხოცავს და მკვლელებს არ სჯის. სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ბავშვებს, რომ სხვა მშობლებს აღარ დაუხოცონ თავიანთი შვილები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისი მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ ქალაქის სხვა ნებისმერ ადგილას, სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება, იქ გამართონ საპროტესტო აქცია.  
„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორ თვეზე მეტია, შვილმოკლული მამები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. სწორედ საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს. 28 ოქტომბერს ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, თუმცა სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სარალიძე გირაოთი გაათავისუფლეს.