საქართველოში ნორვეგიის საელჩო იხსნება
საქართველოში ნორვეგიის საელჩო იხსნება

A+ A-

21

18:16 09/11/2018

ნორვეგია საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხსნის. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

„საქართველო ჩვენი მთავარი პარტნიორია რეგიონში. წლების განმავლობაში, რეფორმების შედეგად ქვეყანა დაუახლოვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. მუდმივი წარმომადგენლობა თბილისში მოგვცემს კარგ შესაძლებლობას, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას მთელ რეგიონში“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიკსენ სორეიდემ.

ამავე განცხადებაში ნორვეგიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ნორვეგია აზერბაიჯანში საელჩოს დახურავს და ბაქოში ნორვეგიის გენერალური საკონსულო გაიხსნება. ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ანკარაში ნორვეგიის საელჩო იქნება.

ცვლილებები 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ცნობისათვის, საქართველოში ნორვეგიის დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელები აქამდე ბაქოს რეზიდენციით იყვნენ წარმოდგენილები.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნორვეგიას შორის დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს. ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობა 2012 წელს გაიხსნა. 2006-2012 წლებში ნორვეგიის სამეფოს ფარავდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა დანიის სამეფოში.