საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობას როს უილსონი შეასრულებს
საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობას როს უილსონი შეასრულებს

A+ A-

27

18:45 09/11/2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას დროებით როს უილსონი შეასრულებს. ეს ინფორმაცია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსდა.

როს უილსონი 2005-2008 წლებში იყო აშშ-ის ელჩი თურქეთში, 2000-2003 წლებში – აზერბაიჯანში. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში მოსკოვსა და პრაღაში. 1997-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკითხებში. 2010-2014 წლებში კი,  ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული დინუ პატრიციუს სახელობის ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

"ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, რაც შედის ჩვენს საერთო ინტერესებში. მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში. ჩემთვის მართლაც შთამბეჭდავია, ვიხილო ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ქვეყანამ განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მთხოვა, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საქართველოში, რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ამერიკისთვის ასევე საქართველოსთვის, ჩვენი ერთობლივი ინტერესებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ისეთი რანგის დიპლომატის გამოგზავნა, როგორიც როს უილსონია, მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.