მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ აქედან - ზაზა სარალიძე
მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ აქედან - ზაზა სარალიძე

A+ A-

14:49 11/11/2018

შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პასუხობს.

სარალიძის თქმით, მას რომ დესტაბილიზაცია ნდობოდა,  შვილის მკვლელებს მის  საფლავზე დააკლავდა.

სარალიძის თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობა ხელისუფლებას თავად სურს.

„ფართო პოლიტიკური ინტერესები ხომ აქვთ თვითონ?! - რატომ არ არიან დასჯილები ჩემი შვილის მკვლელები, როდესაც გახარიას უწყებას მზად აქვს ყველანაირი საბუთი და ყველა დოკუმენტი მის დასაკავებლად?! რატომ იცავს „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი - ივანიშვილი ჩემი შვილის მკვლელებს და რატომ ისვრიან ტალახს ჩემსკენ?! ე.ი. დესტაბილიზაციის მოწყობა თავად სურს ხელისუფლებას. დესტაბილიზაციის მოწყობა რომ გვინდოდეს, აქ კი არ ვიდგებოდით, ამ ყინვაში. ვიცი სადაც უნდა წავიდე და როგორც უნდა ვიმოქმედო და აზრზე მოვიდნენ ჯობია!“ - განაცხადა სარალიძემ.

სარალიძის განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ! სანამ სამართლი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონო ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია“, - აღნიშნა სარალიძემ.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  განცხადა, რომ პოლიციას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ და აქედან გამომდინარე იმოქმედეს მოქალაქეების უსაფრთხოების შესაბამისად.