ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება
ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება

A+ A-

13:01 12/11/2018

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება.

მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

მინისტრის თქმით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრამდე დაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფო დიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმებით კი - ყველა რეგიონის ჩართვა გახდა შესაძლებელი.

“ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის ძუძუს კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ამ დაავადების  სამკურნალო მედიკამენტ "ჰერცეპტინზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მათივე თქმით, პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

როგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.