გრიგოლ ვაშაძის ქონებრივ დეკლარაციაში შთამბეჭდავი ქონების პატრონი ნინო ანანიაშვილია - რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი N5?
გრიგოლ ვაშაძის ქონებრივ დეკლარაციაში შთამბეჭდავი ქონების პატრონი ნინო ანანიაშვილია - რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი N5?

A+ A-

1121

15:33 19/11/2018

ყველაფერი, რასაც ვაშაძე-ანანიაშვილის წყვილი ფლობს, პრიმა-ბალერინას სახელზეა რეგისტრირებული. გრიგოლ ვაშაძის ბოლოს, 6 წლის წინ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სწორედ ნინო ანანიაშვილი განკარგავს ვაშაძეების ქონებას.

მაშ ასე, რა ქონებას ფლობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც, დიდი შანსია, რამდენიმე დღეში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გახდეს.

გრიგოლ ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაშინ მისი მეუღლის ნინო ანანიაშვილის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი წინანდალში და ბინა მოსკოვში.

ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელია 2004 წლიდან. გრიგოლ ვაშაძის მეუღლე,  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიწვია. საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება დეკლარაციაში ნინო ანანიაშვილის სახელზე დარიცხული საცხოვრებელი სახლებისა და ბინების რაოდენობა და ფართები. ნინო ანანიაშვილის სახელზეა გაფორმებული თბილისში, მეტეხის აღმ #6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობი 1000.0 კვ.მ -ია.

 ნინო ანანიაშვილის სახელზეა ბინა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, კოტელნიჩესკაია ვკ, 137, რომლის ფართობი 140.0 კვ.მ-ია. ასევე, ნინო ანანიაშვილის სახელზეა მიწის ნაკვეთი წინანდალში, რომლის ფართობია 1100000.0 კვ.მ -ი. 

ნინო ანანიაშვილი ფლობდა კომპანიას ''გრიგოლ ვაშაძე და ძმები", რომელიც თელავის რაიონის, სოფელ წინანდალში იყო დარეგისტრირებული.

 ნინო ანანიაშვილის სახელზე ირიცხება ბინა თბილისში, იაკობ ნიკოლაძის 6, რომლის ფართობია - 97.7 კვ.მ.

 ასევე, მსუბუქი ავტომობილები Toyota RAV4 და Toyota Landcruiser.

ეს რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას. გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფია კი ასეთია:

გრიგოლ ვაშაძე 1958 წელს დაიბადა, 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

1981 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1988 წლამდე ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში საქმიანობდა. 1988 -1990 წლებში გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

დიპლომატიიდან წასვლის შემდეგ ის ცხოვრობდა მოსკოვსა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი დაქორწინდა ცნობილ ბალერინაზე - ნინო ანანიაშვილზე, რის შემდეგაც პრესაში ხშირად მოიხსენიებდნენ მის იმპრესარიოდ. მოგვიანებით ბიზნესში მოსინჯა ძალები, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მან და მისმა მეუღლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2004 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილს თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა და ისიც სამშობლოში დაბრუნდა. მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს.

2008 წელს ის დანიშნეს კულტურისა და სპორტის მინისტრად, თუმცა იმავე წლის დეკემბერში, უკვე საგარეო საქმეთა მინისტის პოსტი დაიკავა.

დღეს ვაშაძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სპეციალური მოთხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რაც ოფიციალურმა უწყებებმა 11 თვის შემდეგ დააკმაყოფილეს.

თუმცა 2009 წელს იყო ერთი სკანადალი, სახელმწიფო დუმის იმჟამინდელი დეპუტატი სემიონ ბაგდასაროვი გამოვიდა წინადადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა. კოლეგებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

მაგრამ, თავად ვაშაძემ, რომელიც იმჟამინდელი წყაროების მიხედვით, მანამდე არ აპირებდა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას, ცხელ გულზე, რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს გადაუგზავნა პასპორტი, რასაც მოქალაქეობაზე უარის თქმის მოთხოვნა დაურთო.

მანამდე ის ყოველთვის აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებდა. რუსულ გამოცემა "კომერსანტთან" საუბრისას კი განაცხდა: "მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი, ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება და მე მას ვერავინ წამართმევს".

საბოლოოდ, ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა 2010 წელს გაუუქმდა.

ის 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით იღებდა მონაწილეობას და ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. მან მეოორე ტურში მოახერხა გასვლა, თუმც მერე პროტესტის გამო კანდიდატურა მოხსნა.

გრიგოლ ვაშაძემ 7 ენა იცის. მისი მეუღლის თქმით, ერთი ენიდან მეორეზე სწრაფად გადართვას ისე ახერხებს, რომ არაფერი ეშლება.

ვაშაძის გატაცება ფერწერის ნიმუშების შეგროვებაა. იგი დიდი თაყვანისმცემელია ბალეტისა და დრამატული ხელოვნების. მეუღლის თქმით, მასთან ნაცნობობიდან 2 თვეში დიპლომატმა არა მხოლოდ ზედმიწევნით შეისწავლა საბალეტო ტერმინოლოგია, არამედ კლასიკური ცეკვის სპეციალისტიც კი გახდა.