14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

A+ A-

10:03 14/10/2021

14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობაა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უფლის კვართის სადიდებლად დააწესა. დღესვე აღინიშნება მეფე მირიანის, ნანა დედოფლისა და წმინდა სიდონიას ხსენების დღე.

სწავლების მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი.

ერთი მათგანი, სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. ის მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. სწორედ ამ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარი.  ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღდგა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.