გურამ კაშიას ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მხარდაჭერას უცხადებენ
გურამ კაშიას ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მხარდაჭერას უცხადებენ

A+ A-

17:10 16/10/2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას ნაკრების ფეხბურთელები მხარდაჭერას უცხადებენ. ფეხბურთის ფედერაციის სახელით კი, ოფიციალური განცხადება ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ გააკეთა.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია თავად გურამისთვის და დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად ჩვენი ქვეყნისთის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული მატჩების ფონზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზების და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე და ჩვენ დღეს, როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ასევე გუნდი, მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობთ სპორტულ შედეგზე“, – ამბობს ჯღარკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ხიზანიშვილის განცხადებით, თანასწორობის მიმართ არანაირი პრობლემა არ აქვს. “თანასწორობასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, არც ჩემს ცხოვრებაში უნდა ჩაერიოს ვინმე და არც იმათ ცხოვრებაში. მე ამის მომხრე ვარ. ჩემი ცხოვრება და მიზანი მაქვს, არავის ცხოვრებაში ჩავრეულვარ და არც ვაპირებ, იგივეს ვითხოვ. ასეთი რაღაცები ევროპაში ყოველთვის ხდებოდა, ხდება დღესაც. ჩვენს დროსაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი, იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ყველას უკეთია ეს სამკლაური. გურამ კაშია წარმოადგენდა თავის გუნდს, იყო კაპიტანი და გაიკეთა სამკლაური. ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გურამ კაშია გადასცეს ანათემას და ითხოვენ ნაკრებიდან მოკვეთას. ვფიქრობ, რომ ხალხს საქმე არ აქვს და სხვისი ცხოვრებით არიან დაკავებულები. 100%-ით ვუჭერდი მხარს ადრეც და დღესაც ამ აზრზე ვარ”, – ამბობს ხიზანიშვილი.

„გურამ შენთან ვარ“ – ასე ეხმაურება ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კაშიას. „საუკეთესო კაპიტანი ხარ“ – წერს გიორგი ქვილითაია. “პატივისცემა კაშოს მიმართ, ჩვენ შენთან ვართ მუდამ” – წერს მერებაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და კლუბ “ვიტესის” ყოფილი მცველი, გურამ კაშია ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, “ვიტესის” რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს კი, ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი კვლავ გახდა ჰომოფობების აგრესიის მსხვერპლი. ამის გამო, კაშიამ Facebook-ის გვერდი გააუქმა. გუშინ, კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ სანამ საქართველოში ერთი გულშემატკივარი ეყოლება, მანამდე ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.