რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით მიდის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?
რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით მიდის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?

A+ A-

5401

16:25 29/11/2018

საქართველოში, გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც გამარჯვებულად სალომე ზურაბიშვილი გამოვლინდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ინაუგურაციის შემდეგ, საკუთარ უფლებამოსილებას სწორედ სალომე ზურაბიშვილს გადააბარებს.

და ვიდრე საქართველოს მე-4 პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას დატოვებს, "2020NEWS” დაინტერესდა, რა ქონებით მოვიდა და რა ქონებით მიდის გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობიდან.

გიორგი მარგველაშვილის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 3 აგვისტოსაა გამოქვეყნებული. თუმცა მასში, 2014 წლის დეკლარაციასთან შედარებით, ბევრი ცვლილებები არ არის. დეკლარაციას მხოლოდ მაკა ჩიჩუას თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქუჩაზე მდებარე 70 კვ.მ-ის ფართობის ბინა აქვს დამატებული.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის მფლობელობაშია 4462 კვ/მ მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 2004 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. ასევე 200 კვ/მ ფართის სახლი დუშეთში, რომელიც 2004 წელს 2 500 დოლარად იყიდა. 120 კვ/მ ბინა თბილისში, რომელიც 2009 წელს 30 000 დოლარად შეიძინა. ასევე, დუშეთში 40 კვ/მ საცხოვრებელი სახლი, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსებისას გიორგი მარგველაშვილს სახელფასო ანგარიშზე 6695 ლარი ჰქონდა. 2017 წელს პრეზიდენტის პოსტზე კი 82 800 ლარის შემოსავალი მიიღო.

გიორგი მარგველაშვილის ქონებრივ დეკალააციაში ასევე ასახულია მისი მეუღლის, დედისა და მამის ქონებრივი დეკლარაციები. რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მამის, თეიმურაზ მარგველაშვილის მფლობელობაშია 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში. დედას კი, მზეანა გომელაურს დეკლარაციის შევსების დროს, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე  5 420 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში ლექტორობისას 1 890 ლარი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში - 1087,5 ლარი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას  6 200 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას, მის მფლობელობაშია 70 კვ. მეტრის ბინა თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში "ქართუ ბანკის“ საბანკო ანგარიშებზე - 2 490,05 ლარი, 47,53 დოლარი და 637,56 ევრო ჰქონდა. მაკა ჩიჩუამ 2017 წელს პროექტ "ნიჭიერის“ ჟიურის წევრობისას 18 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებულ  საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მე-4 პრეზიდენტად აირჩიეს. მას მხარი არჩევნებზე მისულმა  62,18% ამომრჩეველმა დაუჭირა.