ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლესაც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს?!
ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლესაც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს?!

A+ A-

2153

20:00 30/11/2018

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის ყიდვით "ქართული ოცნების" ლიდერი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, მას აღნიშნული სასახლის ყიდვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგაც უნდოდა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი მისი ნების წინააღმდეგ წავიდა.

"გიორგი მარგველაშვილმა იცოდა, რომ ივანიშვილი იყო დაინტერესებული ამ სასახლით და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო შეცვალა. გახსოვთ ალბათ, მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ორბელიანების სასახლე საპრეზიდენტო რეზიდენციად, მისთვის სავსებით მისაღები იყო", - აცხადებს "2020NEWS"-ის ინფორმატორი.
"დეტალები შეგიძლიათ მარგველაშვილთან დააზუსტოთ, თუ გადაწყვეტს და სიმართლეს გეტყვით, საკმაოდ საინტერესო დეტალებს გაიხსენებს", - დასძინა მან.

ვიდრე საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე ღიად ისაუბრებს, "ქართულ ოცნებაში" სასახლის ბედზე მსჯელობა უკვე დაიწყეს.

რესპუბლიკის სასახლე, საკონსტიტუციო სასამართლო თუ პრივატიზაცია - რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეს? - მმართველ გუნდში სამი ვარიანტი განიხილება - ერთ-ერთი ვარიანტი მისი “რესპუბლიკის სასახლედ“ გარდაქმნაა. შენობის დანიშნულება ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღება გახდება.

კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება. მესამე ვერსია შენობის პრივატიზაციაა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. თამარ ჩუგოშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის პრივატიზება არ მოხდება.

"არ მგონია ამ სასახლის პრივატიზება სერიოზულად შეიძლება იქნას განხილული,“- ამბობს ჩუგოშვილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ დასახელებულ ვერსიებს შორის, ყველაზე სწორი შენობის პრივატიზება იქნება.

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ თუ შენობის პრივატიზება არ მოხდება, მაშინ ამ შენობაში უმჯობესია მუზეუმი განთავსდეს.

იქ ხალხმა უნდა იაროს - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე. მისი თქმით, შენობაში ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია და განხილვა უნდა მოეწყოს.

"მოეწყოს სივრცე, რასაც დავარქმევდი თბილისის არქიტექტურის მომავალ პირობით სახელად. იქ გავმართავდი სივრცეს, სადაც იქნებოდა მსჯელობა ქალაქის მომავალ განვითარებასთან მიმართებაში,“- ამბობს კობერიძე.

ამ დრომდე არ კონკრეტდება ზუსტი ციფრი, რა დაუჯდა ამ სასახლის აშენება სახელმწიფოს. შენობის სავარაუდო ღირებულება კი ერთ მილიარდ ლარამდეა.