შსს-მ საქართველოში 3 კგ-ზე მეტი ”კოკაინის” და ნახევარ კილომდე "ჰეროინის” უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთა
შსს-მ საქართველოში 3 კგ-ზე მეტი ”კოკაინის” და ნახევარ კილომდე "ჰეროინის” უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთა

A+ A-

25

14:54 05/12/2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პორტუგალიის ერთი  და ირანის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტზე დააკავა.

აღნიშნულის შესახებ უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია სამი კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და რვა შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე "ჰეროინი".

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.