დავით ბერძენიშვილი - არსებული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა დაუშვებელია
დავით ბერძენიშვილი - არსებული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა დაუშვებელია

A+ A-

61

17:21 05/12/2018

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა დაუშვებელია.

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ დღეს ლეიბორისჯტური პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მათი მოთხოვნები სოლიდარულია.

"მომდევნო არჩევნები ვადამდელი იქნება ის, თუ მორიგი,  ჩვეულებრივად უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და 150 მანდატი პროპორციული სისტემით უნდა გადანაწილდეს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი დაკომპლექტების წესი. მხოლოდ ამის შემდეგ ვსვამთ ჩვენ საკითხს გადმოიწევა თუ არა არჩევნები. კონსტიტუციის ფარგლებში ეს მარტივი არ არის. სამი  მეოთხედი სჭირდება ამ მოწვევის პარლამენტს, რომ ძალაში შევიდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

ოპოზიციური სპექტრი არის ერთსულოვანი უკვე ბევრი წელია. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ამ იდეას სხვადასხვა დროს შემოუერთდა. მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა, ყველა ჯერდება ერთ აზრზე, რომ  საქართველოში უნდა იყოს ადექვატუტრი საარჩევნო სისტემა. არ შეიძლება, ნახევარზე ნაკლები ხმა მიიღო და სამი მეოთხედი ხმა გქონდეს პარლამენტში, როგორც დღეს არის წარმოდგენილი "ქართული ოცნება“.

ახლა შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც გამოსავალის ძიება აუცილებელია. მე არ ვამბობ, რომ ახლა უნდა დავნიშნოთ არჩევნები. არჩევნები უნდა დაინიშნოს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის შემდეგ", -  განაცხადა ბერძენიშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისათვის, დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", "ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან "თავისუფალი დემოკრატების" და "შენების მოძრაობის" წარმომადგენლები.