ოპოზიცია პოლიტიკურ პრესინგზე გადადის
ოპოზიცია პოლიტიკურ პრესინგზე გადადის

A+ A-

123

17:29 05/12/2018

"ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებისთვის პრესინგის ჩატარებას აპირებს. კაციტაძე პრესინგში  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობს, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს.

 "30 წელია ქართულ პოლიტიკაში ვარ ჩართული და  არ მახსენდება, რომ  რომელიმე ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების შეთავაზებაზე  შემხვედრი მიმართულებით წამოსულიყო. ეს მენტალობისა  და კიდევ იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაუტკბებათ ხოლმე. თუკი რაიმე უშველის სახელმწიფოს განვითარებას, ეს მრავალპარტიული დემოკრატიაა. ჩვენი შეთავაზებაც მხოლოდ ამ შინაარსის არის. მაგრამ  ახლავე ვამბობ, რომ ხელისუფლება ამაზე არ წამოვა. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავისი გამჭრიახობით, პოლიტიკური კულტურით, გამოცდილებით, ცოდნით არ აღემატება მის წინამორბედებს.

თუმცა, მე შემიძლია ბევრი ცვლილება ჩამოვთვალო, რომელთა გათვალისწინებაც ხელისუფლებას იძულებით მოუხდათ. მაგალითად, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა მერების პირდაპირი წესით არჩევას,  როდესაც ოპოზიციის მხრიდან პრესინგი განხორციელდა, ერთ მშვენიერ დღეს გამობრძანდა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნა, რომ გამოვდივარ ინიციატივით, რომ ქვეყანაში მერები და გამგებლები პირდაპირი წესით იქნას არჩეულიო. ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ პრესინგს "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეალურად ჩახედა თვალებში და გადადგა ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაშიც, შეთავაზებულია კონსტრუქციული დიალოგის დაწყება. მინდა გითხრათ, რომ კალაძის "ნწუ ნწუ" შეიცვლება, როდესაც განწყობები სხვა რეგისტრში ავა. მინდა გითხრათ, რომ არავის სურვილია დესტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ თუ ოპოზიციის შეთავაზებას არ გაითვალისწინებენ, რჩება ბრძოლის ის ხერხები, რაც ადრე ყოფილა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ, მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. ასევე, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.