გაიზიარებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის ბედს?! - ოპოზიცია პოლიტიკურ პრესინგზე გადავიდა
გაიზიარებს თუ  არა ივანიშვილი სააკაშვილის ბედს?! - ოპოზიცია პოლიტიკურ პრესინგზე გადავიდა

A+ A-

293

18:26 05/12/2018

ოპოზიცია მმართველი გუნდის წინააღმდეგ გაერთიანდა. ქართული ოპოზიციის სპექტრი თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა შესაცვლელია და მხოლოდ ამის  შემდეგ უნდა ჩატარდეს საქართველოში მომდევნო არჩევნები. 

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ლეიბორისტურმა  აპარტიამ უმასპინძლა. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას", ასევე "ახალი მემარჯვენეების", "დემოკრატიული მოძრაობის", "ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან "თავისუფალი დემოკრატების" და "შენების მოძრაობის" ლიდერები.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

"დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი - საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე - საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

"ლეიბორისტული პარტიის“  ლიდერი  შალვა ნათელაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს,  რომ ბიძინა ივანიშვილმა წააგო საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური და მის რეჟიმს საზოგადოება მალე იმპიჩმენტს მოუწყობს.

ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გემოვნებით არჩევს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარებს და მათ ყოველთვიურად გარკვეული სახის ფულად ანაზღაურებას უხდის.

"კანონებს იღებენ, მომავალს და დღევანდელობას საზღვრავენ ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს, გარდა ერთი ბინძური ბანკირი ყაჩაღი ოლიგარქისა, რომელიც არჩევს სადეპუტატო და სამინისტრო კადრებს საკუთარი იაფფსასიანი, ყაჩაღური გემოვნებით.

მერე ამ ხალხს აყენებს უხერხულობაში, ამ ადამიანებს აიძულებს იყვნენ მისი ადვოკატები, გადაეფარონ ამბრეზურასავით. ამისათვის ყოველთვიურად დეპუტაციას უგზავნის  10 000 დოლარს - ეს იცით  ალბათ, უძრავი წილია მათი.  უფრო მაღალი თანამდებობის პირებს კი - 15 000  დოლარი აქვთ ‘’სტავკა’’, ესენია: კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის ლიდერები, სპიკერატი.

ეს არის ტოტალური და გლობალური კორუფციის სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეზღუდულ "უპასუხისმგებლო" საზოგადოებას, ჩვენ სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ ამ ადამიანის "ტყვეობისგან", რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, აღნიშნული საარჩევნო ბატალიებით და სადაც ბიძინა ივანიშვილმა  პირწმინდად წააგო პირველი ტურიც და მეორე ტურიც. ხალხმა იმპიჩმენტი მოუწყო ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა დაუშვებელია.

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ დღეს ლეიბორისტული პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მათი მოთხოვნების სოლიდარულია.

"ახლა შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, საიდანაც გამოსავალის ძიება აუცილებელია. მე არ ვამბობ, რომ ახლა უნდა დავნიშნოთ არჩევნები. არჩევნები უნდა დაინიშნოს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის შემდეგ", -  განაცხადა ბერძენიშვილმა "ტვ პირველის“ ეთერში.

"ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე,  კი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებისთვის პრესინგის ჩატარებას აპირებს. კაციტაძე პრესინგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობს, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს.

 "30 წელია ქართულ პოლიტიკაში ვარ ჩართული და  არ მახსენდება, რომ  რომელიმე ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების შეთავაზებაზე  შემხვედრი მიმართულებით წამოსულიყო. ეს მენტალობისა  და კიდევ იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაუტკბებათ ხოლმე. თუკი რაიმე უშველის სახელმწიფოს განვითარებას, ეს მრავალპარტიული დემოკრატიაა. ჩვენი შეთავაზებაც მხოლოდ ამ შინაარსის არის. მაგრამ  ახლავე ვამბობ, რომ ხელისუფლება ამაზე არ წამოვა. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავისი გამჭრიახობით, პოლიტიკური კულტურით, გამოცდილებით, ცოდნით არ აღემატება მის წინამორბედებს“, - აღნიშნავს კაციტაძე.

ცნობისათვის, ოპოზიციის გაერთიანებამ საქართველოში ერთხელ უკვე გამოიღო შედეგი. 2012 წელს ოპოზიცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანდა და ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგა,  რასაც სააკაშვილის დამარცხება მოჰყვა.

დადებს  თუ არა ოპოზიციის გაერთიანება იგივე შედეგს და ამჯერად ივანიშვილი გაიზიარებს თუ არა სააკაშვილის ბედს,  ამას უახლესი ისტორია გვიჩვენებს.