იქნება ჰიმნი, იქნება კახური მრავალჟამიერი - პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დაიწყო
იქნება ჰიმნი, იქნება კახური მრავალჟამიერი - პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დაიწყო

A+ A-

31

17:21 06/12/2018

თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები სასახლის ეზოს და კარის ეკლესიის ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი. მათ შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის  სამინისტროს წარმომადგენლები.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, მხატვარი თამარ ფოცხიშვილის თქმით,  ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ დაიწყება გრაფიკებსა და ესკიზებზე მუშაობა. მისივე თქმით, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ისტორიული გარემო, ბუნება და ქართული ელემენტები.

"პირველი გადაწყვეტილება მიიღება სცენის აწყობაზე და დაიწყება აზომვითი სამუშაოები ტრიბუნების განლაგების მიზნით. გვინდა, რომ ეს იყოს სტილისტურად გარემოზე ორგანულად მორგებული“, - აცხადებს თამარ ფოცხიშვილი.

რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჰიმნის გარდა, აუცილებლად შესრულდება კახური მრავალჟამიერიც.

"პრეზიდენტის ინაუგურაცია სხვა ინაუგურაციებისგან განსხვავებული იქნება თავისი სისადავით და ზომიერებით. არ იქნება პომპეზური. პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება მაშინვე, როგორც კი ესკიზი და დეკორაცია იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

საპრეზიდენტო ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.