გოჩა თევდორაძე - "ქართული ოცნების" მიერ დასმული პრეზიდენტი ქვეყნის სასიკეთოდ ვერაფერს გააკეთებს
გოჩა თევდორაძე - "ქართული ოცნების" მიერ დასმული პრეზიდენტი ქვეყნის სასიკეთოდ ვერაფერს გააკეთებს

A+ A-

680

17:40 06/12/2018

"პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე  16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სავარაუდოდ, არ წავა. როგორც მან "2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, ასევე არ იცის, დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის ინაუგურაციას "პატრიოტთა ალიანსის"  ლიდერები - დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი.

"სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, გიორგი  ლომიას განცხადებას რაც შეეხება, გარკვევით თქვა რომ ეს იყო მისი პოზიცია. მას არ გაუხმოვანებია პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის მოსაზრებები. წავლენ თუ არა ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი 16 დეკემბერს თელავში, ამ საკითხზე ისინი თვითონ ისაუბრებენ. მოსაწვევ სტუმართა სიაში მე ალბათ არც ვიქნები, რადგან საკრებულოს წევრი ვარ და არ ვარ პარტიის თავმჯდომარე", - განუცხადა "2020NEWS“-ს  გოჩა თევდორაძემ.

კითხვაზე, არჩევნებამდე "პატრიოტთა ალიანსმა“ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა და დღეს რატომ ჩანს, რომ მას მხარს აღარ უჭერენ, გოჩა თევდორაძემ გვიპასუხა: "ყოველთვის ვამბობდით, რომ ხელისუფლებამ არ დატოვა არჩევანი, რის გამოც მოგვიწია, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილისთვის დაგვეჭირა. არ გვსურს წარსულში დაბრუნება და არ გვინდა "ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანა. მათი მოღვაწეობა იყო დანაშაულებრივი და ამასთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციაც გვაქვს შეტანილი. ამიტომ, ჩვენ გავმართეთ მიტინგი სახელწოდებით "არა ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ბუნებრივად იწვევდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას“, - განაცხადა თევდორაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ მიერ დასმული პრეზიდენტი ქვეყნის სასიკეთოდ ვერაფერს გააკეთებს.

 "მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების“ დასმული პრეზიდენტი ქვეყნისთვის სასიკეთოს რამეს გააკეთებს. ჩვენ ხელისუფლების მიმართ მრავალი მოთხოვნა გვქონდა. მათ შორის ის, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს. ასევე, საგარეო მიმართულება არასწორია. არ ვთვლით, რომ სოცილური კუთხით რამე წარმატება გვაქვს - ეს მოთხოვნები გვექნება პრეზიდენტთანაც, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებული უფლებები აქვს. მე ვისურვებდი, რომ ქვეყანას უკეთესი დღე ჰქონდეს, "ქართული ოცნება" გონს მოვიდეს და რეალურად შეძლოს ღირებული ნაბიჯების გადადგმა“, - განუცხადა სააგენტოს გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "პატრიოტთა ალიანსი“ მხარს "ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერდა. არჩევნებამდე სამი დღით ადრე მათ ფართომასშტაბიანი აქციაც კი გამართეს, სახელწოდებით "არა მიშას, არა ნაციზმს".