პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა
პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა

A+ A-

40

18:30 06/12/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარეა კახა კახიშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ჭოლაძე და ალექსანდრე დარახველიძე არიან. კომისიის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. წევრების გარდა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა კიდევ შვიდ პირს.

პრემიერის განკარგულების მიხედვით, კომისიამ უნდა შეიმუშავოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმა და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს.

პრემიერი კომისიას ცერემონიის ორგანიზების მიმართულებით კონკრეტულ დავალებებსაც აძლევს. როგორც პრემიერის დადგენილებაშია აღნიშნული, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის მუშაობაში პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი ჩაერთოს. "ეთხოვოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა“, - ნათქვამია პრემიერის დადგენილებაში.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.