სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების სახლია კავკასიაში
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების სახლია კავკასიაში

A+ A-

200

18:58 06/12/2018

გავლენიანი უცხოური გამოცემა "Financial Times" საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის საავტორო პუბლიკაციას ავრცელებს.

ზურაბიშვილი წერს, რომ მან აასრულა მისი წინაპრების ოცნება და გახდა საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი. იგი ასევე ასახელებს იმ მიზეზებს, თუ რატომ მოუწია მის წინაპრებს ქვეყნის დატოვება.

ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებაა.

"ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა - 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ.

 ევროპული ფესვების მქონე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან. მე ვიბრძოლებ დემოკრატიისთვის და შევეცდები, გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, ფიცის დადების შემდეგ, შეეცდება, გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა ისე, როგორც ამას საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოითხოვს.

"მე პირობას ვდებ, რომ ვიქნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის გარანტორი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ის ასევე დებს პირობას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება. ზურაბიშვილის თქმით, გააკეთებს მეტს, რათა უცხო ქვეყნებში განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ.

"ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, პროგრესული დასავლური ღირებულებებით. ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მაგალითი მეზობლებისთვის. ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს აქვთ სახლი კავკასიაში. საქართველოს შეუძლია, იყოს ევროპის ლიბერალური იმედი“, - ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის წერილში, რომელსაც "Financial Times" აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.