სოსო ცინცაძე - სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ბუტაფორია იქნება
სოსო ცინცაძე - სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ბუტაფორია იქნება

A+ A-

12:02 09/12/2018

ექსპერტი სოსო ცინცაძე ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს.

როგორც ექსპერტმა "2020NEWS“-ს განუცხადა, სალომე უმოქმედო პრეზიდენტი იქნება. მისივე თქმით, შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა, მისი წინამორბედის მსგავსად ქსოვა იცოდეს და ამით დაკავდეს.

სოსო ცინცაძის შეფასებით, საქართველოში გამართულ არჩევნებთან შედარებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდი იყო, რამაც ხალხში სიძულვილი დათესა.

- ბატონო სოსო, საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრი ყველაზე ცუდ არჩევნებად აფასებს, რაც აქამდე ჩატარებულა. თქვენც ასე აფასებთ?

- ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. ნამდვილი არჩევნები მახსოვს, ზვიად გამსახურდიას დროს, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში - გაყალბების გარეშე. ყველა შემდეგ არჩევნებში პრეზიდენტებს  80-90%-ით ირჩევდნენ, მერე კი ნაგავში იყრიდნენ. დღეს ხელისუფლების მხრიდან ტლანქი მცდელობაა, რომ თბილისში ინაუგურაცია არ ჩატარდება. შიშს დიდი თვალები აქვს და ამიტომ გადაწყვიტეს  თელავში ჩატარება. აქამდე თელავში ინაუგურაცია საერთოდ არ ჩატარებულა, ნუ ერეკლე მეფის დროს ინაუგურაციები არ არსებობდა.

-  გამოდის რომ თქვენ სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერთ...

- სალომე ზურაბიშვილს ჩემს პრეზიდენტად არასდროს ჩავთვლი. არა იმიტომ, რომ მე "ნაციონალი“ ვარ. სხვებისგან განსხვავებით, მე ვიცი მაგ ქალის წარსული, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მე მას, როგორც პრეზიდენტს, ვერ აღვიქვამ.

- საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები კრიტიკულად შეაფასეს. ელოდით ასეთ შეფასებას?

- რაც მე წავიკითხე, აშშ-ს მხრიდან ასეთი კრიტიკული შეფასება არასდროს ყოფილა. წულუკიანმა რაც არ უნდა თქვას, ვოლსკიმ რაც არ უნდა ილაპარაკოს, თავადაც კარგად იციან, რა არჩევნებიც ჩაატარეს. ზურაბიშვილზე საუბარიც არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ ის არაფერს გააკეთებს და მხოლოდ ბუტაფორია იქნება. ამ არჩევნებზე ადამიანებს შორის სიძულვი გაჩნდა. ამას წინათ "ოცნების“ კომკავშირის ლიდერს, ირაკლი  კობახიძეს ვუყურებდი. გაკვირვებული ვიყავი ისეთი სიძულვილის ენით საუბრობდა. ისიც არ იციან, რატომ სძულთ ერთმანეთი. თავადაც ვერ ხვდებიან, ქვეყანა საით მიჰყავთ.

- ამ სიძულვილმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა?

- გინდა სალომე იყოს პრეზიდენტი და გინდა გრიშა, ქვეყანას არაფერი ეშველება. მოსახლეობის 95 პროცენტს არაფერი დაეტყობა. სამაგიეროდ,  ჩინოვნიკებისთვის არის გარანტირებული კარგი ცხოვრება.

- ახალი პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების მიუსედავად, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, შეძლებს ეფექტურ მუშაობას?

- მუშაობა ცოტა უადგილო ტერმინია. მას სამუშაო არ აქვს. დილით ადგება, იჯდება ისე, ან კიდევ ვინმე უცხოელის ჩამოსვლას დაელოდება, რომელსაც პრემიერის შემდეგ მიიღებს. სხვა აღარაფერი უფლებები არ აქვს. არ ვიცი რაღა უნდა აკეთოს? ერთ-ერთი პრეზიდენტი, არ მინდა სახელი და გვარი ვთქვა, ქსოვით იყო დაკავებული. არ ვიცი სალომემ თუ იცის ქსოვა, შეიძლება იცის და თავის შვილებს წინდები მოუქსოვოს. ყველაზე დიდი სამუშაო ეს იქნება.