ლევან ჩაჩუა – “ქართული ოცნება” ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე მუშაობს”
ლევან ჩაჩუა – “ქართული ოცნება” ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე მუშაობს”

A+ A-

82

02:12 13/10/2018

მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.

– დიდი ალბათობით, კანაფის პლანტაციების კანონპროექტი მომავალში ისევ დაბრუნდება დღის წესრიგში. თქვენ რას ვარაუდობთ?

– რასაკვირველია, დაბრუნდება. მარიხუანის მოშენება დიდ ფინანსებს უკავშირდება და მისი ინიციატორები ამ სარგებელს არ დათმობენ. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლებას არ სჭირდებოდა სამღვდელოებისა და მრევლის გამოსვლები. ამიტომ, განხილვა გადაიდო. ივანიშვილს და მის მომხრეებს ასეთი სტილი აქვთ – თუ საკითხი სადავოა, მას ჯერ შემოაგდებენ, რეაქციას დააკვირდებიან, მერე გაჩერდებიან. ამის შემდეგ დაიწყება პროპაგანდირება, ხალხის ყურის მიჩვევა. მერე გადადიან ზეწოლაზე და თავისი გააქვთ.

– “ოცნების” წევრებმა კანაფზე “აღმზრდელობითი” მუშაობა ჩაატარეს – ხან ლობიოს მსგავს კულტურად გაასაღეს, ხან კანაფის შემოსავლებიდან პედაგოგების ხელფასების ზრდის პერსპექტივები დასახეს. მერე უფრო აგრესიულ პროპაგანდაზე გადავლენ?

– საზოგადოებაში სამართლიანი მღელვარებაა. თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად. კანონპროექტის ინიციატორებს კიდევ ბევრი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი ამ ბინძური იდეების გასატარებლად. ივანიშვილის ხელისუფლება თაღლოთობით ძალიან ჩამოჰგავს სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. ქოცები და გაშლილი ნაცები მედლის ორი მხარეა. არც ერთ მათგანთან თანამშრომლობას აზრი არ აქვს.

– რა გაქვთ მხედველობაში?

– ეს ორივე ძალა შევარდნაძის ფესვებიდან მოდის. ეს პოლიტელიტა ქვეყნისთვის დამღუპველ გადაწყვეტილებს იღებს. ამ “გადამგდებ” პოლიტელიტასთან რაზე უნდა ილაპარაკონ სხვებმა? რომელ მათგანს შეუტოკდება გული იმაზე, რომ საქართველო საფრთხეშია, რომ ერი სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იმყოფება! ხდება ნაცებსა და ქოცებს შორის დაპირისპირების იმიტაცია. მათ შორის კონფლიქტი გათამაშებულია. რა უნდა ელაპარაკო დამანგრეველ ძალებს, რა უნდა განიხილო მათთან ერთად?

– კანაფის პლანტაციების კანონპროექტი უპრობლემოდ გავა პარლამენტში? საზოგადოებაში მაინც ხომ იქნება გამოხმაურება?

– ალბათ, ექნება. საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გროვდება. ვხედავთ ახალგაზრდობის გადაგვარების მცდელობას. ყველაფერი კეთდება მათი სულიერ-ზნეობრივი გადაგვარებისათვის. ამ მხრივ ივანიშვილის ხელისუფლებამ სააკაშვილისას აჯობა. მიდის ნარკომანიის პროპაგანდა, აშკარაა, რომ საქართველო ხდება ნარკოტურიზმისა და სექსტურიზმის დერეფანი. სოციალური მდგომარეობა კატასფროფულია. ამას ემატება კანაფის მოყვანის და ექსპორტის დანაშაულებრივი იდეა. იგეგმება კომუნალური გადასახადების ზრდა.

– ელექტროენერგიის ფასი წლების შემდეგ უნდა გაიზარდოს.

– არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება. ალბათ, მანამდე გაგვიზრდიან გადასახადებს, ვიდრე ძვირი ელექტროენერგიის მწარმოებელი გიგანტური ჰესები აშენდება. როცა ხელისუფლება მუდმივად ცრუობს და იმასაც არ თაკილობს, რომ ქვეყანა დიდ ბუნაგად აქციოს, რა უნდა გაგვიკვირდეს? არადა, იყო დრო, როცა საქართველო კავკასიის ცენტრად იყო აღიარებული. აქ მრგვალ მაგიდასთან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ დაპირისპირებული ქვეყნები – სომხეთი და აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი და სხვა.

– იმედი არ გაქვთ, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრების ნაწილი კანაფის პლანტაციის გაშენების მოთავეებს გაუძალიანდება?

– პარლამენტის წევრები მომავალში ისევ უპრინციპობას გამოიჩენენ. იმათ მაგივრად მრცხვენია, რომლებიც გულზე ხელს იბრაგუნებენ, პატრიოტობას იჩემებენ და მერე სიტყვას არ ასრულებენ. ასე იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს. ეს კანონი მესამე მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტში წითელ პარასკევს მიიღეს. მანამდე რამდენიმე დეპუტატი (ამ ადამიანების გვარების დასახელება არ მინდა) სამღვდელოებასთან შეხვედრებზე პირობას დებდა, რომ წინააღმდეგ მისცემდა ხმას. ეს დეპუტატები ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილი მოგვიწოდებს, წინააღმდეგ არ მივცეთ ხმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინააღმდეგი ვიქნებითო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ წინააღმდეგი 0 აღმოჩნდა. საქართველო მოიქცა ისე, როგორც იქცევიან ჩრდილოეთ კორეაში.
ნაციონალებზე და ახალ ნაციონალებზე არაფერს ვამბობ. ეს ოდიოზური ჯგუფები არ უნდა იყვნენ პარლამენტში. არიან სხვა დეპუტატები, რომლებიც ბოლო დროს ყელყელაობენ და ბოკერიას ემუქრებიან. არც იმათგან მოველი პრინციპულობას. ახლანდელმა პარლამენტარებმა თავიანთი მანდატები სამშობლოზე წინ დააყენეს. ხომ გვახსოვს, ვის ჩააბარა რეფორმირებული პარტია ივანიშვილმა?

– რეფორმირებაში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადახალისებას გულისხმობთ?

– სწორედ ამაზე ვსაუბრობ. პარტია დარჩა კობაძიძე-მდინარაძე-ჩუგოშვილების ხელში. მათთვის უცხოა ქართული და სულიერი ფასეულობები. ეს ყველაფერი საჭიროა მომავალი გეგმებისთვის. ბიძინა ივანიშვილს ორი ვადით მისცეს ხელისუფლება.

– ისევ ფიქრობთ, რომ ორი ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2020 წელს ძალაუფლების გადაბარება მოხდება?

– ვფიქრობ კი არა, ამაზე სარწმუნო ინფორმაცია მაქვს. ყველგან, სატელევიზო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ერთამანეთს უპირისპირდებიან ზურაბიშვილისა და ვაშაძის მხარდამჭერები. არ ეთმობა ყურადღება კანდიდატს, რომლის ყველაზე ძვირადღირებული ბილბორდები ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზეა განთავსებული. ეს კაცი, ბაქრაძე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მისი სლოგანია “საიმედო ხვალინდელი დღე”.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– “ქართული ოცნება” ბაქრაძის გაპრეზიდენტებაზე მუშაობს. დაგეგმილია ბაქრაძის გამარჯვება. 2020 წელს ჩაფიქრებულია დროებით დაშლილი ნაციონალების მოსვლა პარლამენტში. კოალიციურ მთავრობაში პრემიერად მოიაზრება გიგა ბოკერია. ამ გეგმას ჰყავს ლობისტები ამერიკასა და რუსეთში. ამ ჯგუფების ხელშეწყობით მოხდა “ვარდების რევოლუცია”. ამერიკაში ლობისტები კონგრესში არიან წარმოდგენილი, რუსეთში კი – საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამ ჯგუფებს არ უნდათ დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის. მათი ამოცანაა, თბილისსა და მოსკოვს შორის მუდმივად გაგრძელდეს კონფრონტაცია. შეასრულებენ თუ არა უცხოელი ლობისტები და მათი ქართველი მარიონეტები ამ გეგმას და მოიყვანენ თუ ბოკერიას ქვეყნის სათავეში, საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს.

წყარო: ახალი თაობა