დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგში მიდის
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგში მიდის

A+ A-

78

02:13 13/10/2018

ინტერვიუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან

– ბატონო მიხეილ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ახლა რას მოიმოქმედებთ?

– ეს საქმე სტრასბურგში ისედაც მიდიოდა და წავა, არაფერი სხვა მოსაქმედებელი არ არის. ეს ის ფაქტია, რომ საქართველოში ისეთი ინსტიტუტი, რასაც სასამართლო ჰქვია, არ არსებობს. ჩათვალეთ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტიც არ არსებობს. პრეზიდენტი დამოუკიდებელი ვერ არის.

– შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ კომისიის წევრებს შორის კონსესუსი ვერ შედგა, ასევე დეკანოზს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს და ამიტომ არ მოხდა მისი შეწყალება. სამართლებრივად ეს რამდენად სწორია?

– ეს არის აბსურდი. იმდენი მაგალითი გვაქვს შეწყალებული პატიმრების, რომ ერთი თვეც არ იყო გასული მათი მსჯავრდებიდან და კომისიასაც არაერთხელ უმსჯელია. ეს არის ისეთი მომენტი, როდესაც პირდაპირ ჩანს, სასულიერო და საერო პიროვნებებისთვის როგორ საშიშროებას წარმოადგენს მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა. ერთ-ერთი კომისიის წევრი არის ქორ-ეპისკოპოსი მეუფე თეოდორე, რომელიც პირადად არის დაინტერესებული, რომ დეკანოზი გარეთ არ იყოს.

– კონკრეტულად რატომ არ უნდა მეუფე თეოდორეს დეკანოზის გათავისუფლება?

– მამა გიორგიმ ის კორუფციული სქემა, რომ გაშიფრა, სწორედ იმ სქემაშია დასახელებული. ასეთ ადამიანს კი სულაც არ აწყობს, რომ მისი გამომაშკარავებელი გარეთ იყოს. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი აუცილებლად დატოვებს ციხეს, უბრალოდ ეს პროცესი დროში გაიწელება. მინდოდა, რომ პრეზიდენტს ის ღირსება მაინც ჰქონოდა, რომ ბოლო შეწყალებისას მამა გიორგის შეიწყალებდა.

– პრეზიდენტს შეუძლია პრესონალურად შეიწყალოს…

– თუ პერსონალურად შეიწყალებს, მაშინ მისი მადლიერი ვიქნებით.

– სტრასბურგში როდის აგზავნით სარჩელეს?

– ზუსტად ვერ გეტყვით, უახლოეს მომავალში.