ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, ვიდრე ზვიად გამსახურდიას მკვლელები არ დაისჯებიან - ცოტნე გამსახურდია
ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, ვიდრე ზვიად გამსახურდიას მკვლელები არ დაისჯებიან  - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

221

16:13 19/12/2018

ინტერვიუ ცოტნე გამახურდიასთან

- ბატონო ცოტნე, უკვე მეექვსე დღეა, შიმშილობთ თქვენს ძმასთან ერთად. ვინმე გამოგეხმაურათ თადუმაძის უწყებიდან?

- არავინ. მთავარი პროკურატურისაგან არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია ჩვენს შიმშილობას. არც კი დაინტერესებულან, რა ხდება. მთავარი პროკურატურა რომ არ დაინტერესდა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ სახალხო დამცველსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ნინო ლომჯარიასთან რამდენჯერმე ვცადე დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, ჩემ ზარებსაც არ პასუხობს. არც თვითონ დაინტერესებულა და არც სახალხო დამცველის ოფისიდან შემოგვხმიანებია ვინმე.
 
- თუკი თქვენ მოთხოვნას საგამოძიებო უწყების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება და დიდი ალბათობით ეს ასე იქნება, რას აპირებთ 31 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა ამოიწურება?

- ბრძოლას არ შევწყვეტთ და გავაგრძელებთ ყველგან, სადაც საჭიროა.  ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა დამნაშავეები დაისაჯონ და ეს საქმე გამოძიებულ იქნას.

- მაგალითად, პირველი პრეზიდენტის საქმე შეიძლება მოხვდეს სტრასბურგის სასამართლოში?

- ყველა გზას გამოვიყენებთ. ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არავის არ უნდა შერჩეს.

- ზვიად გამსახურდიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს დღესაც, ისინი რატომ არ მონაწილეობენ თქვენს საპროტესტო აქციაში?

- მათ გამოხატეს ჩვენი გვერდში დგომის და შიმშილობის აქციაში ჩართვის სურვილი, თუმცა ჩემი სურვილი იყო, რომ  საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანი არავის მიეყენებინა. ჩვენთვის ახლა ყველაზე მთავარია, მორალურად დაგვიდგნენ გვერდით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.