“მერიას არ შემოუთავაზებია გეგმა, როგორ აპირებს პარკირების ადგილების გაზრდას და ტარიფების დარეგულირებას”
“მერიას არ შემოუთავაზებია გეგმა, როგორ აპირებს პარკირების ადგილების გაზრდას და ტარიფების დარეგულირებას”

A+ A-

12:34 17/10/2018

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანია „სითი პარკს“ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყდება, მოქალაქეების დაჯარიმებას კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

“2020NEWS” “შენების მოძრაობის“ წევრს, თვითმმართველობის სპეციალისტს თენგიზ შერგელაშვილს დაუკავშირდა:

“თბილისში დგას პარკირების პრობლემა, მის მოსაგვარებლად მერიამ უნდა შემოგვთავაზოს კონკრეტული ნაბიჯები თუ რის გაკეთებას აპირებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამის ნაცვლად კი, ხალხის გულის მოსაგებად, აცხადებენ რომ „სითი პარკს“ გაუშვებენ, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პარკირება არ იქნება, ან ჯარიმები გაუქმდება. მერიას არანაირი ნაბიჯი არ შემოუთავაზებია, სანაცვლოდ, გარდა იმისა რომ „სითი პარკს“ აუქმებს.

მერიას არ შემოუთავაზებია გეგმა იმის შესახებ თუ როგორ აპირებს პარკირების ადგილების გაზრდას, რომელიც მერიის ფუნქციაა და არა „სითი პარკის“, როგორ აპირებს ტარიფების დარეგულირებას. ეს საკითხები არის სისტემურად მოსაგვარებელი და არა პოპულისტურად, როგორც დღეს მერიამ შემოგვთავაზა.

საინტერესოა, 11 აპრილს, თუ არასწორ ადგილზე იქნება მანქანა გაჩერებული, ვინ უზრუნველყოფს მის გადაყვანას, მერიის სამსახური თუ ქაოსის შემთხვევაში, პატრული გადაიყვანს? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატრულის მიერ გადაყვანილი მანქანის გამოყვანა საჯარიმო ადგილიდან უფრო ძვირი ჯდება.

საბოლოო ჯამში, არ მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ეიფორიაში არიან დღეს, უფრო ძვირი დაუჯდეთ მანქანის გამოყვანა საჯარიმოდან. ჯარიმა მანქანის არასწორ გაჩერებაზე, „სითი პარკის“ მიერ არ არის დაწესებული, იგი კანონშია გაწერილი, ხოლო ჯარიმის საფასური მერიის მიერაა დადგენილი. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ხალახს ის გაუხარდა, რომ აღარ დაჯარიმდებიან და შესაბამისად თვლიან, რომ სადაც მოუნდებათ იქ გააჩერებენ მანქანებს, ამით კი დიდ ქაოსს და მეტ დაწერილ ჯარიმას მივიღებთ.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჯარიმების შედეგად შემოსული თანხის 60% მერიაში შედიოდა და სწორედ მას უნდა გამოეყენებინა ეს თანხა, თუნდაც ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაში”, – აცხადებს შერგელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილიდან დაჯარიმებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია “სითი პარკის“ მეშვეობით განხორციელდება, 10 აპრილიდან კი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

“პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია „სითი პარკის“ მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება გადაყვანილი, ხოლო 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, პარკირების საფასურის გადახდა იმავე პრინციპითა და ოდენობით განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.