2018 წელს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 6,5 მილიონი ლარით დააფინანსა
2018 წელს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 6,5 მილიონი ლარით დააფინანსა

A+ A-

11:52 20/12/2018

2018 წელს ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფომ 6,5 მილიონი ლარით დააფინანსა - განათლების საერთაშორისო ცენტრმა წლის შედეგები შეაფასა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო. მან ცენტრის ერთი წლის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს მიმართა:

"მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია - დაფინანსებულია 650-მდე სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ. მნიშვნელოვანია პროგრამების მრავალფეროვნებაც, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას. ყოველწლიურად, კიდევ უფრო გაიზრდება ახალგაზრდების დაფინანსება, რადგან თქვენ ის მომავალი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს. თქვენ ყველაზე კარგად იცით განათლების ფასი და სწორედ თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა, - განაცხადა ბატიაშვილმა.

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა. 2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა "ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას. დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

2019 წელს ცენტრი დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. პროგრამები "იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება. საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება.