რატომ უნდა წარედგინათ "ოსკარზე" დედე და არა "ნამე"? - საქართველო "ოსკარისთვის" ბრძოლას გამოეთიშა
რატომ უნდა წარედგინათ "ოსკარზე" დედე და არა "ნამე"? - საქართველო "ოსკარისთვის" ბრძოლას გამოეთიშა

A+ A-

13:12 20/12/2018

ამერიკის კინოაკადემიამ იმ უცხოენოვანი ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბრძოლას ოსკარის ნომინაციისთვის გააგრძელებენ. ამ სიაში ვერ მოხვდა საქართველოდან გაგზავნილი ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე". მომხდარ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა "აზიური ოსკარის" მფლობელი ფილმის "დედეს" რეჟისორი მარიამ ხაჭვანი.

რეჟისორი საქართველოს კინოცენტის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ საქართველოდან ოსკარზე გააგზავნეს ფილმი, რომელსაც არც ერთი პრიზი არ ჰქონდა მიღებული.

"როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, საქართველომ "ოსკარზე" არ წარადგინა მარიამ ხაჭვანის აზიური ოსკარის მფლობელი ფილმი "დედე". სამწუხაროდ, წელს საქართველო "ოსკარისთვის" ბრძოლას გამოეთიშა. სამაგიეროდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ოსკარზე მოხვდა "აზიური ოსკარის" ნომინანტი ხუთი ფილმი " Ayka“, „Capernaum“, „Burning“, „Shoplifters“ და დოკუმენტური ფილმი "Of fathers and sons“! გასაოცარია და საქართველოდან ოსკარზე საბრძოლველად არ გააგზავნეს "დედე". PS: ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ფილმიდან, მხოლოდ ორს აქვს "აზიური ოსკარი" აღებული. გულდასაწყვეტია მინიმუმ "ოსკარის" ნომინაციის შანსი რომ დაკარგა ქვეყანამ...

გლობალურად რომ მივდგომოდით საკითხს "დედე"-ს შემდეგი უპირატესობა ჰქონდა სხვა ქართულ ფილმებთან შედარებით, რაც კინოცენტრის ხელმძღვანელმა და ჟიურიმ არ გაითვალისწინა: 1. ფილმი ეხება ქალის უფლებების საკითხს, რაც განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტული არის დღეს ამერიკაში. 2. ფილმს საოსკარო კამპანიაში მხარს უჭერდა "ოსკარის" მფლობელი პოლონელი კომპოზიტორი და ისეთი აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან ვონკარვაი, რუბენ ოსტლუნდი და სხვები. ასევე, ზურგს უმაგრებდა გავლენიანი საპროდუსერო ჯგუფი და კომპანიები. 3. ფილმის უფლებები შეძენილი ჰქონდა ამერიკულ კომპანიას და დისტრიბუცია უკვე დაწყებული იყო ამერიკის სხვადასხვა შტატებში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აკადემიის წევრების ყურადღების მისაქცევად. 4. ფილმს აღებული აქვს 17 საერთაშორისო ჯილდო. წარმატებით აჩვენეს ასზე მეტ კინოფესტივალზე და ყველა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. გამოვიდა რამოდენიმე ქვეყნის კინოთეატრებში და თუ გადავხედავთ "ოსკარის" წლევანდელ ნომინანტ ფილმებს, ყველას უამრავი პრიზი და ნომინაცია აქვს მიღებული და არც პრიზების რაოდენობით და არც პოპულარულობით არ ჩამოუვარდებოდა მათ "დედე" . მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოდან "ოსკარზე" გააგზავნეს ფილმი, რომელსაც არცერთი პრიზი არ ჰქონდა. მოვითხოვთ, შემდეგში დიდი სიფრთხილით შეირჩეს ჟიური, რომელიც ობიექტურ, მიუკერძოებელ და მაშტაბურ გადაწყვეტილებას მიიღებს. კინოცენტრის დირექტორიც მხოლოდ საკუთარი ფილმის ხელშეწყობით არ უნდა იყოს დაინტერესებული. აქ მხოლოს კონკრეტული ადამიანის ბედი არ წყდება, წყდება საქართველოს ბედი“, - წერს მარიამ ხაჭვანი.

ცნობისთვის, 2017 წლის 23 ნოემბერს მარიამ ხაჭვანის ფილმმა "დედე“ აზიური ოსკარი მოიპოვა. „დედე“ ასევე არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი სვანი გოგონას სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. კინოსურათის უმეტესი ნაწილი სვანურ დიალექტზეა.