კინოთეატრ "რუსთაველში“ სასტუმრო და რესტორანი განთავსდება
კინოთეატრ "რუსთაველში“ სასტუმრო და რესტორანი განთავსდება

A+ A-

16:31 20/12/2018

"2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ კინოთეატრ "რუსთაველის" შენობაში სასტუმრო და რესტორანი განთავსდება. კინოთეატრი "რუსთაველი“, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უკვე რამდენიმე თვეა, აღარ ფუნქციონირებს.

"2020NEWS“-თვის ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, 12 დეკემბერს, კულტურილი მემკვიდრეობის საბჭოში შევიდა განაცხადი ესკიზის შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს "შენობის განვითარებას სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“. ესკიზის მიხედვით, შენობაში განთავსდება სასტუმრო, რესტორანი და კინოს ორი დარბაზი.

"კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ ესკიზი დაიწუნა. საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა, თუმცა მას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კურირებს და ასევე, საბჭოში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც. კინო "რუსთაველი“ არის კერძო საკუთრება და მის მფლობელს ვერავინ დაუშლის საკუთრების გამოყენებას. თუმცა, რადგან შენობა ძველია და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, საბჭოსთან შეუთანხმებლად ვერაფერს გააკეთებენ“, - განუცხადეს "2020NEWS“-ს თბილისის მერიაში.

2020NEWS“ დეტალების გარკვევას კინო "რუსთაველის“ ადმინისტრაციაში შეეცადა, თუმცა მათ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ დეტალებზე საჯარო განხილვა მომავალ კვირაში გაიმართება. "პროექტი ჯერ მზად არ არის. მომავალ კვირას დავიწყებთ საჯარო განხილვებს, შევხდებით დარგის ექსპერტებს და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა გაკეთდება“, - განუცხადეს „2020NEWS“-ს კინოთეატრ "რუსთაველის“ ადმინისტრაციაში.

   

ცნობისთვის, კინოთეატრი "რუსთაველი", თბილისის მთავარ გამზირზე 1939 წელს არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით "დიადი განთიადით“ გაიხსნა.