“რა გაუკვირდა ხაზარაძეს, არ გასცემდნენ სესხებს ღამის საათებში? – აბა კარგად დაფიქრდნენ, გაახსენდებათ”
“რა გაუკვირდა ხაზარაძეს, არ გასცემდნენ სესხებს ღამის საათებში? – აბა კარგად დაფიქრდნენ, გაახსენდებათ”

A+ A-

134

02:16 13/10/2018

ინტერვიუ “ქართული ოცნების” ყოფილ წევრთან, დავით ჭიჭინაძესთან

– ბატონო დავით, როგორც თქვენ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოში ბიზნესს აუპატირებენ. ასეა, თუ რაღაც სწორად ვერ გავიგეთ?

– როდესაც ბიძინა ივანიშვილი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში, 2012 წელს, ბიზნესმენებს შეხვდა და იქ უთხრა მათ, თუ სახელმწიფო ჩაერევა ბიზნესის საქმეებში, იყვირეთ გვაუპატიორებენო. „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა ჰკითხა მაშინ ყოფილ პრემიერს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს თუ არა ბიზნესის საქმეებშიო და ეს პასუხი გასცა. ახლა გამოდის, რომ ბიზნესს აუპატიურებენ და აყვირდა ზაზა ოქუაშვილი.

– ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან და სკანდალური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აქამდე არ იღებდნენ ხმას ისინი?

– ამ ქვეყანაში მიჩვეულები არიან, რომ ხან სააკაშვილს, ხან ჩხარტიშვილს და ხან სხვა ვიღაცეებს თავს უხრიან. ბიზნესმენებს სუფთა ჰაერის შეგრძნების განცდა უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება სულ ვიღაცის ქვეშ იყო და სულ ვიღაცას კოჭს უგორებდე. ბიზნესს თავისუფალი ხალხი უნდა ქმნიდეს. დღეს კი რა ხდება?! – ისინი სულ ვიღაცეების მონები არიან.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებენ ისინი სუფთა ჰაერის შეგრძნებას და რატომ უნდათ სულ მონის პოზიციაში ყოფნა?

– იმიტომ, რომ თავისუფლების ფასი არ იციან და მონობა ურჩევნიათ, შეჩვეულები არიან.

– თქვენ ხშირად ახსენებთ ვანო ჩხარტიშვილს…..

– ჩხარტიშვილის თემა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს არის ხელისუფლების პრობლემაც და ეს არის მენტალური პრობლემაც. ბიზნესმენებსაც კი ეტყობათ, რომ ამ ადამიანის იქით წასასვლელი არ აქვთ და ხელისუფლებაც ამას ხელს უწყობს. საერთოდ, თუ ქვეყანაში კარგი სიტუაციაა, იქ ჩხარტიშვილისნაირები ვერ იარსებებენ. თუ ქვეყანაში ჩხარტიშვილი კარგად არის, მაშინ იქ ბიზნესი და ხალხი კარგად ვერ იქნება. დასკვნების გაკეთება ადვილია.

– ჩხარტიშვილის სახელი დაუკავშირდა “ომეგა ჯგუფის” სკანდალსაც. იგი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებშიც ფიგურირებს. მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. თქვენ გჯერათ ამ აუდიო ჩანაწერების ავთენტიკურობის?

– ერთი რამ მაინტერესებს, 26 მილიონი ლარი „ომეგა ჯგუფს“ რატომ ჩამოეჭრა?! რაც დრო გადის, ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს არ არის ავთენტური. დიმიტრი ქუმსიშვილმა ლევან ყიფიანს პროკურატურაში უჩივლა, ესეც რაღაცაზე მაფიქრებინებს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ლევან ყიფიანს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ოქუაშვილთან და ამას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც აღიარებს. ეს საკითხი სერიოზულ სიმძიმეს იღებს და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს. აგდებული პასუხები არ კმარა. საზოგადოებას სჭირდება მკაფიო პასუხი, ერევა თუ არა ბიზნესში ხელისუფლება. ჩემი „ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში ამას ვერ ვატყობდი. ძალიან ცუდია, ეს თუ დაფარულად ხდებოდა.

– ძალიან საინტერესოა 4 მილიონის თემაც, რომელიც “თიბისი ბანკიდან” იქნა გატანილი. ამაზე რა აზრის ხართ, სადაც ისევ და ისევ ლევან ყიფიანი ფიგურირებს?

– “თიბისი ბანკი” და საერთოდ, ბანკები სესხებს ღამე გასცემდნენ. რა გაუკვირდა ხაზარაძეს?! – არ გაუციათ სესხები ღამის საათებში? ამოიღონ სააკაშვილის დროინდელი თავიანთი წარსული – ღამის 2-3 საათზე რომ აქვთ გაცემული სესხები. და არ არღვევდნენ კანონს? – ახლა რომ აცხადებს 10 წელია ბანკი 8 საათამდე მუშაობსო. იურიდიული პირების მომსახურება 8 საათამდე არ არის, არის 6 საათამდე. ეს არის ერთ-ერთი ბანკირული არაგულწრფელი პასუხი და შეცდომაში შემყვანი საზოგადოების.

– ოქუაშვილის განცხადებით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა და შეურაცხოფა მიაყენა. გჯერათ ამის?

– ეს ლევან ყიფიანის სადარდებელია. მამამისის დავით ყიფიანის პატივისცემიდან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ვფიქრობ, თუ ასეთი ფაქტი იყო, ძალიან ცუდია.

– ხელისუფლება ამ აუდიოჩანაწერების სისწორეს არ აღიარებს. თქვენ რას ფიქრობთ?

– ხელისუფლება ყველაფერს არ უარყოფს, რაღაც-რაღაცეებს ადასტურებს. ხელისუფლება ნიშნავს, რომ დრო ხალხის პატივისცემისა და მსახურებაში უნდა გაატარო და არა ისე, რომ ხალხს ერთი სული ჰქონდეს რომ ისტორიულ მოუსვლელში გაგისტუმროს, ისე როგორც სააკაშვილი გაისტუმრეს. „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე სამარცხვინოა. „ოცნების“ საიუბილეო პრეზენტაციაზე ისეთი ხალხი იდგა, არ მგონია ისინი იყვნენ, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხმა აირჩია. ასეთ შედარებას გავაკეთებ – რაც არ უნდა ძვირფასი პიჯაკი ეცვას ადამიანს, ის თუ დიდი აქვს, არანაირად არ მოუხდება. ასე არ უხდებიან ეს ადამიანები „ქართულ ოცნებას“.

– საზოგადოება მიეჩვია, რომ ყოველი არჩევნების წინ ფარული ჩანაწერები გამოდის სააშკარაოზე. თქვენი აზრით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ამ ფარული ჩანაწერების ჩვენება?

– ვის წისქვილზე დაასხამს არ ვიცი. ვიცი ის, რომ ფარული ჩანაწერების ჩვენება მარტო ქართულ პოლიტიკას კი არა, მსოფლიო პოლიტიკას ახასიათებს. წინასაარჩევნოდ, რაც კი რამ კომპრომატები არსებობს, ყველაფერი გამომზიურდება ხოლმე. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით დემოკრატიის მანიშნებელიც ეს არის. მასმედია მთლიანად გადაკეტილი რომ არ არის, ესაც მაბედნიერებს. კომპრომატის გამოტანა კი არ არის პრობლემა, კომპრომატის ჩადენაა პრობლემა. მოხელემ უნდა იცოდეს, თუ დანაშაულს ჩადის, ის ადრე თუ გვიან ყველასთვის ნათელი გახდება. ის, რომ აიკრძალოს, ამაში ვერ დავეთანხმები ვერავის. მაგრამ თუ ვიღაც დანაშაულს ჩადის, ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.