ზურა ყიფშიძე ბანკის მიერ გაყიდულ ბინას იბრუნებს – “სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციაზე უბრალოდ წამყვანი ვიყავი”
ზურა ყიფშიძე ბანკის მიერ გაყიდულ ბინას იბრუნებს – “სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციაზე უბრალოდ წამყვანი ვიყავი”

A+ A-

172

02:17 13/10/2018

მსახიობ ზურა ყიფშიძეს გასულ თვეში ბანკმა ბინა გაუყიდა. „სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა, დედაჩემი და მამაჩემი ამას ასე არ დატოვებენ. უფლება არ ჰქონდათ, ერთი ზარის შემდეგ ბინა აუქციონზე გაეტანათ“, – წერდა ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში.

„2020NEWS“ დაინტერესდა, მოახერხა თუ არა ბინის დაბრუნება მსახიობმა ზურა ყიფშიძემ.

_ ბატონო ზურა, თქვენი ბინა როგორც ცნობილია, გასულ თვეში აუქციონზე გაიყიდა, მოახერხეთ ბინის დაბრუნება?

_ ერთ კვირაში თუ დამირეკავთ, გეტყვით ზუსტ პასუხს. შეიძლება, მოგვიხდეს მასმედიის ჩართვა, რომ ბინა დავიბრუნოთ. შეიძლება ჟურნალისტების დახმარების გარეშეც მოგვარდეს ყველაფერი. დღეს ჩემმა ცოლისდამ ისეთი ზარი მიიღო, რომ შეიძლება, უკეთესობისკენ შეტრიალდეს ყველაფერი. მე მგონი, ვინც იყიდა, მიხვდა, რომ მოტყუვდა. მართლები რომ არ ვიყოთ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდით. ფულთან ჩვენ შეხება არც გვქონია. მოგვატყუეს, ჩადეს ბინა ბანკში და ისე გაყიდეს, რომ არაფერი არ ვიცოდით.

_ გასულ კვირას თქვენ მხარდაჭერა გამოუცხადეთ სალომე ზურაბიშვილს, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილხართ, ახლა რატომ გადადგით ასეთი ნაბიჯი?

_ პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. უბრალოდ წავიყვანე საღამო, ადამიანის, რომელიც ამ პრეზიდენტობის კანდიდატების ფონზე მიმაჩნია, ყველაზე მისაღებად. უბრალოდ წამყვანი ვიყავი. პოლიტიკურ თამაშებში არ ვერევი და არც ჩავერევი. ყველას აქვს თავისი აზრი და სიმპატიები. თურმე საშინელებებს წერენ ჩემზე ამ საღამოს მერე, მე არც ვკითხულობ და არც ვიცი, რას წერენ ფეისბუქზე.

_ საზოგადოების ნაწილის ცუდი გამოხმაურების შემდეგ ხომ არ ინანეთ, რომ წაიყვანეთ საღამო?

_ არა, რატომ უნდა მენანა ვიღაცის აზრის გამო და რას წერენ ჩემზე?

_ გაკრიტიკებენ…

_ გასაგებია. მასე მე მიშა სააკაშვილის პრეზიდენტობის აღსანიშნავი კონცერტი მიმყავდა ოპერაში, მაშინ რატომ არ მაკრიტიკებდნენ? ოპოზიცია ყველაში მტერს ეძებს და ხედავს. იმ პრეზიდენტობის კანდიდატების ფონზე ყველაზე ნორმალურ კანდიდატად მიმაჩნია სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ეს ჩემი პირადი საქმეა და როგორც მსახიობმა, საზოგადოებას წარვუდგინე. ამაში ცუდი არაფერია.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი ოჯახი ახლობელმა მოატყუა და მისი წყალობით ბინა დაკარგეს. „გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემის და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს. არ მინდოდა, ზურას გაეგო, ვიფიქრე, ჩვენით მოვაგვარებდით, მაგრამ ახლახან გაიგო ზურამ. ვის არ სთხოვა დახმარება, თუმცა არაფერი გამოვიდა“, – წერდა ლენუკა ყიფშიძე.

ზურა ყიფშიძე 2 დღის წინ სალომე ზურაბიშვილის ინტელიგენციასთან შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა. ხელოვანებმა სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.