ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდათ
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდათ

A+ A-

×

18:24 24/12/2018

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განცხადებით, “ძალა ერთობაშიას” საპატრულო ჯგუფის 3 წევრს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდა. მისი ინფორმაციით, ისინი ატოციდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელის რაიონულ სავადმყოფოში გადაიყვანა.

"ერთ-ერთს უკვე ზუსტად დაუდგინდა H1N1-ის ვირუსი, დანარჩენ ორსაც ანალოგიური სიმპტომატიკა აღენიშნება და მათი გადმოყვანა დავგეგმეთ თბილისში ქარელიდან. ეპიდემიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუმცა ჩვენი პატრულირება არ გაჩერდება", - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

პაციენტები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი აქვთ. "თვითონ აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მეგობარს რომელიც ამჟამად თბილისში აგრძელებს მკურნალობას, დაუდგინდა გრიპის ვირუსის დიაგნოზი. ამიტომ შემდეგი მკურნალობის მიზნით, თვითონაც რეფერალი განხორციელდება თბილისში,“-განაცხადა ირმა ყიფიანმა.

H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, მიზეზი სეზონური გრიპია. გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.